“ერასმუსის” სასწავლო პროგრამების – “ერასმუს მუნდუსისა” და “ერასმუს+”-ის კურსდამთავრებულები და სტუდენტები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, არ მიიღონ რუსული კანონი “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ.
მათი განცხადებით, კანონპროექტები არაკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივია და აზიანებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. ამის შესახებ განცხადება მათ დღეს, 6 თებერვალს გამოაქვეყნეს.
მათი განცხადებით, მაშინ, როდესაც საქართველოს შესასრულებელი აქვს 12 რეკომენდაცია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, ამ კანონის არათუ მიღება, არამედ განხილვაც კი აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, პროდასავლურ მისწრაფებებსა და ქვეყნის ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორიცაა ევროკავშირი და აშშ.
“ხელმომწერები სწორედ ევროპის კავშირის ფინანსური მხარდაჭერით ვსწავლობთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, სადაც ჩვენი სწავლის გადასახადი, ისევე, როგორც ყოველდღიური ცხოვრების ხარჯები, სრულად არის დაფინანსებული. ათასობით ახალგაზრდას საქართველოდან გვეძლევა უნიკალური შანსი, მივიღოთ ევროპული დონის განათლება და აკადემიური ხარისხი უფასოდ მაღალკონკურენტულ გარემოში და ამით ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის შენებას სხვადასხვა დარგის მიმართულებით.
შესაბამისად, ჩვენ, ერასმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო და Erasmus+- გაცვლითი პროგრამების სტუდენტები/კურსდამთავრებულები, ვუერთდებით სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის პოზიციას და მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი ზემოაღნიშნულ კანონს – დაიცავით საქართველოს კონსტიტუცია, გაატარეთ მოქალაქეების ნება და იმოქმედეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის 30 ადამიანი აწერს ხელს.
განცხადებაზე ხელმოწერის პროცესი გრძელდება.
