რუსეთმა 400-ზე მეტი ობოლი უკრაინელი ბავშვი გაიტაცა უკრაინის დროებით ოკუპირებული რეგიონებიდან. ამის შესახებ საუბარია ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტურ გამოძიებაში.
როგორც ტელეარხი იტყობინება, ომის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში რუსეთის წარმომადგენლებს ომის შედეგად დაობლებული ბავშვები აქტიურად გადაჰყავთ რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც მათ ბავშვთა სახლებსა და ინტერნატებში ანაწილებენ. „დოჟდმა“ მოიპოვა დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ, სულ მცირე, 400 ბავშვია გატაცებული, რომლებიც 24 ბავშვთა სახლსა და ინტერნატში გადაანაწილეს. გარდა ამისა, 36 ბავშვი უკვე გააშვილეს რუსეთის მოქალაქეებზე.
ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა ასევე უმნიშვნელოვანესი დეტალი: გატაცებულ ბავშვებს კრემლის პროპაგანდით კვებავენ — მათ თავდაცვის სამინისტროს ბრიფინგებს რეგულარულად აყურებინებენ და ასწავლიან იარაღთან მოქცევას, მონაწილეობას აიძულებენ პროპაგანდისტულ ღონისძიებებში, სადაც მადლობას უხდიან რუსეთის არმიასა და ქვეყნის ხელისუფლებას.
დაობლებული უკრაინელი ბავშვები რუსეთში, ძირითადად, მარიუპოლიდან, ასევე, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებიდან არიან გადაყვანილი.
