ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ „სერიოზულად აშფოთებთ“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება „მეორე ფრონტის“ გახსნაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, – საკითხი, რაც, როგორც კობახიძემ უკვე განმარტა, სარკაზმი იყო და არა ინიციატივა.

ამ საკითხზე სოხუმის წარმომადგენლებმა 14 სექტემბერს ისაუბრეს – მათთან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ტუჟბას შეხვდნენ.

შეხვედრისას ტუჟბამ თქვა, რომ სოხუმში ყურადღებით ადევნებენ თვალს რეგიონში არსებულ ვითარებას, ასევე, საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის, კობახიძის განცხადებას.

„ყველას კარგად გვესმის, რა იგულისხმება „მეორე ფრონტში“ და ეს  სერიოზულად გვაშფოთებს“, – განაცხადა ტუჟბამ.

მან თანათავმჯდომარეებს მოუწოდა, „რეაგირება მოახდინონ მსგავს საფრთხეებზე“, რადგან ეს „საფრთხეს უქმნის რეგიონში სტაბილურობას და უსაფრთხოებას“. დე ფაქტო მინისტრის მოადგილემ ამ „საფრთხის“ კონტექსტში გაიხსენა რამდენიმე დღის წინ დასრულებული წვრთები ნატოსთან ერთად, „ღირსეული პარტნიორი“.


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 13 სექტემბერს, კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვის განზრახვაში, განაცხადა:

„ჩვენ შეგვიძლია, ჩავატაროთ გამოკითხვა, პლებისციტი, ხალხს უნდა თუ არა, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. რასაც იტყვის ხალხი, იმას შეიძლება გავყვეთ, ვნახოთ“.

კობახიძის განცხადებამ დაბნეულობა გამოიწვია საქართველოს ფარგლებს გარეთ.

რუსულ და უკრაინულ მედიაში, Twitter-ზე და ტელეგრამ არხებში კობახიძის განცხადება გაშუქდა ისე, რომ საქართველომ რუსეთთან ომის შესახებ პლებისციტის ჩატარებას განიხილავს. მოგვიანებით კობახიძემ განმარტა:

„რეალირად სარკაზმი იყო, ბუნებრივია, ამ განცხადებაში. მცირე ირონიაც, შეიძლება… ჩვენ ვიცით და ეს კვლევებითაც ჩანს, რომ საზოგადოება არის ომის წინააღმდეგი“.

ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ „აფხაზებთან და ოსებთან ომს“ არ დაუშვებს.