4 სექტემბერს, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით, Iran Air-ის სატვირთო თვითმფრინავი მოსკოვში ჩაფრინდა.
რადარის მონაცემების თანახმად, თვითმფრინავი ირანის სამოქალაქო და სამხედრო სტატუსის მქონე რაშთის აეროპორტიდან გამოფრინდა, სავარაუდოდ, სომხეთში დაეშვა (უცნობია, რომელ აეროპორტში) და შემდეგ, საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით რუსეთში, მოსკოვში ჩაფრინდა.
?????Dozens of Iranian IRGC cargo planes have landed in Russian airports since the start of the Russian invasion of Ukraine, the last one on September 4th with an undeclared purpose. pic.twitter.com/2p2RY4YHlf
— Terror Alarm (@Terror_Alarm) September 8, 2022
8 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ „ირან ეარი“, რომელსაც თვითმფრინავი ეკუთვნის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ავიაკომპანია. იმ ფონზე, როდესაც ირანი რუსეთს აწვდის დრონებს და სამხედრო ტექნიკას, ხოშტარიას თქმით, „გაუგებარია, საქართველომ რატომ დაუთმო თავისი საჰაერო სივრცე ასეთ საფრთხის შემცველ თვითმფრინავს მაშინ, როდესაც ეს არ გააკეთა აზერბაიჯანმა“.
„არსებობს დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ საქმე გვაქვს სამხედრო ტექნიკის საქართველოს საჰაერო სივრცით გადატანასთან“, — განაცხადა ხოშტარიამ და საქართველოს შესაბამისი უწყებებიდან განმარტება მოითხოვა.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ირანულმა ავიაკომპანია „ირან ეარ კარგომ” შეასრულა რეისი ერევანი-მოსკოვის მიმართულებით და საქართველოს საჰაერო სივრცეში აღნიშნულმა ხომალდმა „სულ 10 წუთი დაჰყო“. ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ „ირან ეარ კარგო” არ არის სანქცირებული კომპანია და რეგულარულად ასრულებს რეისებს როგორც თბილისის, ისე ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით.
„ტენდენციური, დაუზუსტებელი და გამიზნულად ცრუ ცნობების გავრცელებით გამორჩეულ საინფორმაციო საშუალებებს დეზინფორმაციის გავრცელებისა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების რეპუტაციის შელახვის ნაცვლად, შეეძლოთ ამ ცნობების გადამოწმება და თავადაც ნახავდნენ, რომ ირანული ავიაკომპანია ხშირად ასრულებს რეგულარულ ფრენებს ევროპის მიმართულებით. საქართველო და სომხეთი ევროკონტროლის — ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები არიან. ამ კონკრეტულ რეისზე, ისევე როგორც სხვა რეისებზე საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე ნებართვა ევროკონტროლმა გასცა. შედეგად, აღნიშნული რეისი შესრულდა საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით“, — ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ აღნიშნული კომპანია სანქცირებული არ არის და საქართველოს საჰაერო სივრცე ყველა წესების დაცვით გამოიყენა.
„ეს არის მორიგი დეზინფორმაციის უსუსური მცდელობა. ჩვენ, სამწუხაროდ, ხშირად ვისმენთ ხოლმე გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც მიმართულია ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, მეტი არაფერი. საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო წესებს“, — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დღეს, 9 სექტემბერს ელენე ხოშტარიამ ეკონომიკის სამინისტროს საპასუხო ბრიფინგი გამართა, რომელზეც წარმოადგინა ამონაწერი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ოფიციალური ვებ-გვერდიდან. OFAC-ის ვებ-გვერდზე Iranair Cargo სანქციების სიაშია.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, “ქართული ოცნების“ ტყუილები ამყარებს იმ ვერსიას, რომ სავარაუდოდ, საქართველო რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება.
„პირველ რიგში, „ოცნებამ“ განაცხადა, რომ კომპანია „ირან ეარი“ არ არის სანქცირებული. წარმოვადგენ კონკრეტულ დოკუმენტს, „ოფაკის“ მიერ გამოქვეყნებულ სანქციების სიას, სადაც „ირან ეარი“ არის სანქცირებული ავიაკომპანია. მეტიც, არსებობს დოკუმენტები, სადაც საუბარია, რომ ისინი არიან სანქცირებული სამხედრო ტვირთის გადაზიდვისა და ტერორიზმის ხელშეწყობის გამო. „ქართული ოცნება“ იტყუება, თითქოს ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) გაცემული ნებართვა ნიშნავს იმას, რომ თვითმფრინავს არა აქვს რამე სახის პოლიტიკური პრობლემა. „იკაო“ გასცემს მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ნებართვას, შეუძლია, თუ არა თვითმფრინავს ფრენა. სუვერენული ქართული სახელმწიფოს გადასაწყვეტია, გაატარებს თუ არა თვითმფრინავს საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მოვითხოვთ პასუხს, თუ რა მიზეზით გავატარეთ სამხედრო აეროპორტიდან გაფრენილი თვითმფრინავი“, — განაცხადა ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარია ამბობს, რომ საქართველოს გააჩნია ამერიკული რადარები, რომელთაც შეუძლია, ტვირთის მოცულობა და წონა შეამოწმოს და მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ გაასაჯაროოს ინფორმაცია, რა წონის და მოცულობის ტვირთი იყო თვითმფრინავის ბორტზე.
ხოშტარია ამბობს, რომ ივლის-აგვისტოს განმავლობაში „ირან ეარ კარგო“ არ დაფრინავდა ევროპის მიმართულებით, ხოლო რუსეთის და აზიის მიმართულებით, ფრენების რაოდენობა კატასტროფულად გაზრდილია.
„შეუძლებელია, ეს ფრენები არ იყოს კავშირში [რუსეთის] დრონების და ჩიპების მომარაგებასთან, რაც სჭირდება რუსეთს“, — განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველოს მიერ ტერორისტული ირანის სატვირთო ფუნქციის თვითმფრინავის გატარება არის კატასტროფული დარტყმა ქვეყნის ინტერესებისთვის.
Iran air-ს არ აქვს შეზღუდული ევროკავშირის ქვეყნებში ფრენის უფლება და რეგულარულად ახორციელებს რეისებს. რაც შეეხება მის სატვირთო თვითმფრინავს, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა, Flightradar 24-ის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესრულებული აქვს რეისები ძირითადად მოსკოვის, დოჰას და დუბაის მიმართულებით. რეისების უმრავლესობის მარშრუტი დაფარულია, შესაბამისად, უცნობია განახორციელა თუ არა „ირან ეარ კარგომ“ ფრენები ევროპის ქვეყნების მიმართულებით.
