„ქართულმა ოცნებამ“ სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, რომელიც თეკლათისა და ჭალადიდის მაჟორიტარულ ოლქში იმართება, საკუთარი კანდიდატი წარადგინა.

მმართველი პარტიის სასარგებლოდ მანდატის მოსაპოვებლად ზაზა ყურაშვილი იბრძოლებს.

არჩევნები პირველ ოქტომბერს გაიმართება.

„თეკლათისა და ჭალადიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩვენი კანდიდატი იქნება ბატონი ზაზა ყურაშვილი. ბატონი ზაზა არის ჩვენი პარტიის ერთგული და აქტიური წევრი, რომელიც საკუთარ თემში სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით. დარწმუნებული ვართ, რომ ის აუცილებლად მოიგებს არჩევნებს, რის შემდეგაც ღირსეულად წარმოადგენს ორივე სოფლის ინტერესებს სენაკის საკრებულოში.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბებს მყარ უმრავლესობას, რითაც დასრულდება თითქმის ერთწლიანი საბოტაჟი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტია – „საქართველოსთვის“ ტანდემში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ ახორციელებდნენ“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ.


სენაკის საკრებულო ერთ-ერთია, სადაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ ჰქონდა. 33 წევრისგან შემდგარ სენაკის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 16 წევრი ჰყავდა,  „ნაციონალური მოძრაობას“ – 13 წევრი,   „გახარია საქართველოსთვის“ – 4 წევრი. შესაბამისად, სენაკის საკრებულოში უმრავლესობა დამოუკიდებლად არცერთ პარტიას არ აქვს.

პრობლემური ვითარება კი საკრებულოში 3 დეკემბერს, პირველივე სხდომაზე შეიქმნა, როცა პარტიის „საქართველოსთვის” პროპორციული სიით არჩეულმა ილია ახალაიამ საკრებულო დატოვა, შედეგად კი, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ჯამური წარმომადგენლობა გათანაბრდა – თითოეულს 16-16 წევრი ჰყავდა, სხდომის გასამართად კი 17 წევრის დასწრება იყო საჭირო.

სწორედ ამ მომენტიდან „ქართული ოცნების“ ბოიკოტის გამო ვერ ხერხდებოდა საკრებულოში ილია ახალაიას ადგილმონაცვლის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობა, რაც ოპოზიციას საშუალებას მისცემდა, საკრებულოს სხდომა ჩაეტარებინა და თავმჯდომარეც აერჩია.

ამიტომ 3 ივნისამდე, საკრებულოს არშეკრების შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნები უნდა გამართულიყო. თუმცა მაისში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ილია ახალაიას ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობა არა საკრებულოს წევრებს, არამედ ცესკოს შეეძლებოდა და, შესაბამისად, არჩევნების ჩატარებაც საჭირო აღარ იქნებოდა, რადგან ამ მოცემულობით ოპოზიციას 17 წევრი ეყოლებოდა, ხოლო “ოცნებას” – 16.

თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ვახტანგ წურწუმიას მიერ მანდატის დატოვებამ ვითარება ისევ შეცვალა, რადგან თანაფარდობა კვლავ 16-16-ზე გახდა და ერთი მანდატისთვის ხელახალი არჩევნების გამართვა გახდა საჭირო მაჟორიტარულ ოლქში, რომელშიც გამარჯვების შემთხვევაში “ოცნება” ერთპიროვნულ მმართველობას მოიპოვებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი წარმომადგენლები მაშინვე აცხადებდნენ, რომ  ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, „ერთი კვირის განმავლობაში ვახტანგ წურწუმიაზე იყო ზეწოლა“, მათ შორის, ე.წ „კანონიერ ქურდების“ მხრიდან.