სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა გერმანიაში, ბავარიის რეგიონში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფას.

სამგზავრო მატარებელი, რომელიც ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენიდან მიუნხენის მიმართულებით მოძრაობდა, რელსებიდან გადავარდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულია ათეულობით ადამიანი, მათგან 15-ის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

ჯერჯერობით უცნობია კატასტროფის გამომწვევი მიზეზები. როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, კატასტროფის შემდეგ მგზავრები მატარებლის ფანჯრებიდან გადმოჰყავდათ.

მგზავრებს შორის იყვნენ სტუდენტები და მატარებელი თითქმის სრულად იყო დატვირთული.

მიმდინარე წლის ზაფხულისთვის, შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით, გერმანიამ   მატარებლების გარკვეულ კატეგორიაზე ერთთვიანი აბონემენტის საფასური 9 ევრო დააწესა, რამაც ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო მატარებლით გადაადგილებაზე მოთხოვნის ზრდას.

მთავარ ფოტოზე: გადაბრუნებული მატარებელი. EPA-EFE/NETWORK PICTURES