იაპონია უკრაინას დრონებსა და ქიმიური იარაღისგან დამცავ საშუალებებს გადასცემს. ამის შესახებ იაპონიის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.

„იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ უკრაინის მთავრობას მიაწოდოს NBC[რადიაციული, ბიოლოგიური და ქიმიური] კოსტუმები, NBC ნიღბები და დრონები. უკრაინელების ბრძოლა საკუთარი ქვეყნის დასაცავად კვლავ გრძელდება და იაპონიის თავდაცვის სამინისტროც გააგრძელებს მხარდაჭერას“, – ვკითხულობთ იაპონიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ტვიტერში.

რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ომი უკვე 55 დღეა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რუსეთმა ვერ შეძლო დედაქალაქის – კიევის დაკავება.

უკრაინული მხარის განცხადებით, 18 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ომის ახალი ფაზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც აღმოსავლეთ ფრონტზე ტერიტორიული წინსვლა და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დაკავებაა.