ნიკოლაევში ადმინისტრაციული შენობის დაბომბვისას დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ 29 მარტს მომხდარი დაბომბვის შედეგად ჩამოინგრა შენობის ნაწილი. მაშველებმა ნანგრევებში 23 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთი ადამიანი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, რომ ადმინისტრაციული შენობის დაბომბვა მაშინ დაიწყო, როცა ადამიანები სამსახურში მიდიოდნენ.
ნიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, დაბომბვისას თავად შენობიდან გამოსული იყო.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემეგ განუწყვეტლივ ბომბავს უკრაინის ქალაქებს, რის შედეგადაც დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, 150 ბავშვი. 10 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი, მათგან 3.7-მა მილიონმა ქვეყანა დატოვა.
