უკრაინელი ბლოგერი, ნადეჟდა სუხორუკოვა მარიუპოლიდანაა. ომის დაწყების შემდეგ დღიურებს აწარმოებს, სადაც ყოველდღიური დაბომბვების, სარდაფული ცხოვრებისა და მუდმივი შიშის შესახებ წერს, რომელიც უკვე 26 დღეა გრძელდება.
ქალაქი მარიუპოლი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ალყაშია მოქცეული და ინტენსიურად იბომბება. ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია, გათბობა და წყალი.
როგორც ნადეჟდა სუხორუკოვას ბლოგებიდან ირკვევა, მარიუპოლი უკვე დატოვა, თუმცა ქალაქში დღიურებს წერდა.
“ნეტგაზეთი” მის სამ ჩანაწერს უცვლელად გთავაზობთ.
2 მარტი, ომის მეშვიდე დღე
“ცხოვრება ახლა ომის დროით მიედინება”
დაბომბვების ფონზე არცთუ ისე ადვილია ცხოვრების დალაგება. ყურადღებით უსმენ ყველა ხმას და იწყებ გარჩევას, რომელი არის ბედნიერების, რომელი კი – საშიში.
მაგალითად, ადრე ძალიან ვბრაზდებოდი, როცა 11 საათის შემდეგ ჩემი ზედა მეზობლები მსოფლიო ხალხების ცეკვებსა და სიმღერების საღამოებს აწყობდნენ.
თუმცა ახლა აღარ ვბრაზობ. პირიქით, მიხარია. ისინი ჩემი მეზობლები არიან, არ წავიდნენ საყვარელი მარიუპოლიდან, აქ არიან, ჩემთან. მარტივი არ არის მათთვის, მაგრამ ძლიერები და ნამდვილები არიან. და რამდენიც უნდათ, იმდენი იხმაურონ. თუ უნდათ, ავეჯი ატარონ აქეთ-იქით გაუჩერებლად. მთავარია, რომ კარგად იყვნენ…
ვცდილობ, კომენდანტის საათის დაწყებამდე და დაბომბვებს შორის ძაღლი გავასეირნო. თუმცა მშვიდად ამის გაკეთება შეუძლებელია. კინაღამ დამავიწყდა. გარეთ გასვლამდე ყოველთვის ვლოცულობ. იმიტომ, რომ ცოტა მეშინია.

მე და ენჯი საშინელი ხმების ფონზე საყვარელი მდელოსკენ მივფრინავთ. ეს ხმები არაფერში აგერევა. შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს უზარმაზარ ჩაქუჩს ურტყამენ რკინის სახურავზე, ან თუ გრადები დაფრინავენ, შეგრძნებაა, რომ უზარმაზარი მკვლელი მატარებელი გიახლოვდება, რომელიც მიწას აზანზარებს და ძარღვებში სისხლს გიციებს.
მე და ენჯიმ ვიცით, რა ხდება. ჩემს საყვარელ ქალაქს წყეული რუსი ოკუპანტები კლავენ. გვეზიზღება ისინი და სიკვდილს ვუსურვებთ. არ ვიცი ,როგორ ავუხსნა ძაღლს, რა ჯანდაბად შემოიჭრნენ ჩვენთან და რატომ კლავენ ჩვენს უკრაინელ ხალხს.
ენჯი ხვდება, რომ ხმები, რომლებიც სეირნობისას გვესმის, სიკვდილის ხმებია. ამიტომ ცდილობს ყველაფერი სწრაფად გააკეთოს…
კიდევ წვიმისა და იმედის ხმები მიყვარს. როცა ვინმეს კარგი ახალი ამბავი მოაქვს: “იცი, ჩვენებმა ტანკების მთელი კოლონა გაანადგურეს. თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელმაც 4-ჯერ დაბომბა სარტანა”. კიდევ არის რწმენის ხმები, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ…
…დღეს ჩემს პატარა დისშვილებს შევხდი. ახლომდებარე სახლიდან მოვიდნენ, რომელიც დედაჩემის 9-სართულიან კორპუსზე უსაფრთხოა, რადგან თავშესაფარი აქვს. ბავშვები რომ ვნახე, მხოლოდ მაშინ გავიაზრე, როგორ მენატრებოდნენ.
მხიარული კირიუჰა ყვირის და დარბის, თითქოს არაფერი მომხდარა. დაბომბვისას პლედით და ბალიშით უსაფრთხო ადგილას მიდის. ბავშვებმა უკვე ჩემზე კარგად იციან, როგორ უნდა იმოქმედონ.
გაკვეთილებზე ძალიან წუხს. მასწავლებელი დავალებებს უგზავნის, ყველაფრის გაკეთება კი ვერ მოასწრო. ახლა უნდა დავშორდეთ და სარდაფში ჩავიდეთ…
…ომის შვიდმა თუ რვა დღემ მთელი ჩვენი ცხოვრება შეცვალა. ცხოვრება ახლა ომის დროით მიედინება. და ყოველი დღე ერთ წელს უდრის. უკვე ვეღარ ვიჯერებ, რომ ოდესღაც სხვანაირად იყო.
ილოცეთ ჩვენთვის და გჯეროდეთ, რომ ჩვენი დილა მშვიდობიანი იქნება. როგორც წესი, ყველაზე ბნელი საათები გამთენიისასაა.
18 მარტი
“ეს ლოცვა ქმარმა მასწავლა. ძალიან მინდა მისი ხმის გაგონება”
მეზობელმა თქვა, რომ მარიუპოლი ღმერთმა დატოვა. შეეშინდა იმ ყველაფრის, რაც ნახაო. ეს ერთი კვირის წინ თქვა, გუშინწინ კი, ზუსტად ჩვენ გამგზავრებამდე, მოირბინა სარდაფში და შეგვატყობინა, რომ ჩვენგან ერთი კორპუსის მოშორებით სახლი იწვის. “რაღაც უცნაური ფორთოხლისფერი ალი აქვს”, – თქვა მან. “ასეთი რაღაც არასდროს მინახავს. ილოცეთ, გოგოებო”.
მაშინ არ ვიცოდით, რომ ნახევარი საათის შემდეგ დავტოვებდით ამ ქალაქს და ამ რეალობას. ვისხედით და ვლოცულობდით. მე “მამაო ჩვენოს” ვკითხულობდი და რატომღაც დამავიწყდა სიტყვები. ეს ლოცვა ქმარმა მასწავლა. ომის დაწყების შემდეგ არ მინახავს. მის წინაშე დამნაშავე ვარ. რადგან დედასთან წავედი სტუმრად, შემდეგ კი მასთან დაბრუნება ვეღარ შევძელი. ძალიან მინდა მისი ხმის გაგონება. მინდა კიდევ ერთი მცირედი შანსი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები ვუთხრა. სიტყვები, რომელიც რატომღაც არ ვუთხარი, როცა მასთან მქონდა კავშირი.
მარიუპოლში ყოველდღე ველოდით, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა. გვჯეროდა, რომ ომი სადაცაა დასრულდებოდა და ყველაფერი ძველებურად იქნებოდა. ერთი კვირის წინ ჯერ კიდევ გავდიოდით ქუჩაში. ერთხელ, დაბომბვებს შორის წავედით “წითელ ჯვარში” ტორგოვაიაზე. ჩემი მეგობრის შვილმა ბავშვი გააჩინა. ნიკიტა დაარქვეს და სარდაფში ცხოვრობდა. ქუჩაში თითქმის არ გამოგვყავდა დაბომბვების გამო, ერთი კვირის ჩვილს მზე არ ჰქონდა ნანახი.

ფოტო: FB/ნატალია დედოვა
მის გამო მანქანით წავედით, რომელსაც “ბავშვები” ეწერა. ეს წარწერა ვერაფრისგან იცავდა. გზად ასეთივე მანქანა შეგვხვდა, ასეთივე წარწერით, ოღონდ გაფუჭებული და დამწვარი. მას ჭურვი მოხვდა. სიარულისას ძალიან გვეშინოდა. თუმცა რაღაც სახლები ჯერ კიდევ მთელი იყო. სამშობიარო ჯერ კიდევ არ იყო დაზიანებული, ჩემი კოლეგის ქმარი ჯერ კიდევ არ იყო დაღუპული და ქუჩებში ადამიანები მარტოდ დადიოდნენ.
ქუჩები, რომლებზეც გავიარეთ, უკვე აღარ იყო, მხოლოდ ნანგრევები… დიდი მაღაზიის ნაცვლად უდიდესი ორმო. მის გვერდით არცერთი მთელი სახლი. ქალაქის ეს ნაწილი ვერ ვიცანი. ხალხმა, ვინც ნარჩენებს ასუფთავებდა, გვითხრა, რომ წინა დღეს აქ ბომბი ჩამოვარდა. “წითელი ჯვრის” ხალხი შუშებს აგროვებდა. გოგო გასაკვირად მშვიდი იყო და ჩემს შეკითხვაზე: როგორ ხართ? მიპასუხა “ყველაფერი კარგადაა” და გამიღიმა. ისეთი უცნაური იყო. უკვე ბევრი დღეა არ გაგვიღიმია.
არც ბავშვის საკვები და არც საფენები არ დაგვხვდა. გვითხრეს, რომ სამშობიაროს გადასცეს ეს ყველაფერი. გადავწყვიტეთ, რომ იქ ხვალ წავიდოდით. ასე თქვა მეგობრის შვილმა, განსაკუთრებულად გასაოცარმა ადამიანმა. ის, მისი ექიმები და ექთნები მუდმივად იქ ცხოვრობდნენ, სახლებში არ მიდიოდნენ. ჯერ ერთი, საშიში იყო, მეორეც, შემცვლელი არ ჰყავდათ. ქალები კი მშობიარობდნენ. სინათლისა და წყლის გარეშე, ცივ ოთახში, დაბომბვების ფონზე. როცა იქ საჭმელი გათავდა, ექიმებმა მშობიარეებს საკუთარი რეზერვები მისცეს. აძლევდნენ ყველაფერს, რაც ჰქონდათ. მთავარ ექიმს ყველისა და ძეხვის ბუტერბროდები მოჰქონდა. პური არ იყო. უბრალოდ ვერსად იყიდდი. საერთოდ ვერაფრის ყიდვას შეძლებდი. თავიდან მაღაზიები დაიკეტა, შემდეგ კი გაქურდვა დაიწყეს.

ფოტო: FB/ნატალია დედოვა
აღარ იყო არცერთი აფთიაქი. ესეც გაქურდეს. მე გულის ტაბლეტები დამიმთავრდა და მკაცრი ალტერნატივა მელოდა – ან ჭურვებს მოვეკალი, ან გული გამჩერებოდა. არც ერთი და არც მეორე დიდად არ მხიბლავდა. უცნობი ქალი დამეხმარა. ჩვენი მეგობრის მეზობელი. მგონ,ი ლენა ჰქვია. მან თავისი წამლების ნაწილი მომცა. უფასოდ.
როცა ხალხს წყალი დაუმთავრდა, ჯერ თოვლი წამოვიდა, შემდეგ წვიმა. დედაჩემი ამბობდა, ბუნება გვეხმარებაო. მაშინ ჩვენს რაიონს არცთუ ისე ინტენსიურად ბომბავდნენ და სადარბაზოსთან ორი კატეგორიის ხალხი იკრიბებოდა. ერთი ნაწილი საჭმელს ცეცხლზე ამზადებდა, მეორე -სანიაღვრე მილებთან იდგა სათლებით.
მაშინ ჯერ კიდევ ვესაუბრებოდით ერთმანეთს. და გავიგე, რომ ერთ-ერთი ქუჩის კუთხეში ყოველდღე მოაქვთ ხოლმე წყალი არხებიდან. მას მარიუპოლის რიგითი მკვიდრი აგროვებდა საკუთარი ინიციატივით. ყოველდღე მოდიოდა, დაბომბვების ფონზე იდგა და ხალხის ცარიელ ბოთლებს უფასოდ ავსებდა წყლით. ხალხი პერიოდულად გარბის აქედან, როცა ძლიერად ისვრიან და საფრთხე იმატებს, ერთმანეთს ეჩხუბებიან რიგის ადგილისთვის, წყლის მომტანი კაცი კი ჩუმად ავსებდა მათ ბოთლებს.
არ ვიცი, ამ კაცს რა ჰქვია, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამ ჯოჯოხეთიდან ცოცხალი გააღწევს. რადგან ძალიან მინდა, რომ ეს დაწერილი წაიკითხოს და ჩემი მადლიერების შესახებ შეიტყოს. მადლობის, რომლის თქმაც მაშინ ვერ მოვასწარი.
18 მარტი, მეორე ჩანაწერი
“თუ მარიუპოლს ვერ გადავარჩინეთ, ადგილობრივების გადარჩენაში დაგვეხმარეთ”
გამარჯობა, ჩემო საყვარლებო, მე ცოცხალი ვარ და კიდევ დიდხანს ვიცოცხლებ. ჩემი ქალაქი კი წამებრივი სიკვდილით კვდება. 20 დღე მასთან ერთად ვკვდებოდი. ჯოჯოხეთში ვიყავი. გმირი არ ვარ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და სიკვდილის მეშინოდა. ბოლო სამი დღეა ქალაქს უწყვეტად უტევენ. შეუსვენებლად.
თვითმფრინავების საშინელმა ხმაურმა ჩემში ყველაფერი გაყინა. ჩვენს სარდაფში ყველა ლოცულობდა და ღმერთს სთხოვდა, რომ ბომბები სხვაგან გაფრენილიყო. როცა მიწა შეირყა, ამოვისუნთქეთ. თუმცა მისი სიახლოვეს ჩამოვარდნა არ ნიშნავს არსად ჩამოვარდნას. სიახლოვე ნიშნავს, რომ ჩვენ არ დაგვეცა.
იცით, როგორია, როცა სარდაფში მუდმივად ბნელა და მხოლოდ მკრთალი სანთელი იწვის, შენ კი არ იცი, ახლა დღეა თუ ღამე? როცა სადარბაზოდან გასვლისთვის განსაკუთრებული გამბედაობა გჭირდება. და შენ მივარდები ყველასთან, ვინც გარედან ბრუნდება, რამე ახალი ამბავი ხომ არ აქვს?
მონოტონურად გიყვებიან, რომ დღეს ბომბი 105-ე სახლს დაეცა. მეორე სადარბაზო, მესამე სართულიდან დაწყებული იწვის და მალე ცეცხლი შთანთქავს სხვა სართულებსაც, გარშემო კი საშინელი ნაცარი, შუშები და ბნელ ცამდე აწვდილი ნაგვის პარკებია, რომლებიც ორ კვირაზე მეტია არავის გაუტანია.
თუმცა ჭირსაც წაუღია კონტეინერები. შენი მეზობლების და ნაცნობების ცხედრები არავის გააქვს. დაღუპულები წვანან სადარბაზოებში, აივნებზე, კარებთან. და შენ მცირედითაც არ გეშინია. რადგან ყველაზე დიდი შიში – ეს ღამის დაბომბვებია.
იცით, რას ჰგავს ღამის დაბომბვები? სიკვდილს, რომელსაც შენგან ყველაფერი ცოცხალი მიაქვს. ღამე ძილი არ შეიძლება, რადგან მშვიდობის სიზმრები გესიზმრება. მათგან ფხიზლდები და კოშმარში ერთვები.
თავიდან ხმები მოდის. მეტალის საზიზღარი ხმები, თითქოს ვიღაც გიგანტურ კომპასს ატრიალებს და მანძილს ზომავს თქვენს თავშესაფრამდე. რომ უფრო ზუსტად დაგარტყას.
შემდეგ ჭურვი დაფრინავს. გესმი,ს როგორ ურტყამს რკინის სახურავს უდიდესი ჩაქუჩი და შემდეგ საშინელი ჭექა-ქუხილი, თითქოს გიგანტური დანით გაჭრეს მიწა, ან თითქოს გოლიათი დადის რკინის ჩექმებით თქვენს მიწაზე და აბიჯებს სახლებზე, ხეებზე, ადამიანებზე.
ზიხარ და ხვდები, რომ მოძრაობაც არ შეგიძლია. არ შეგიძლია გაქცევა, ყვირილს აზრი არ აქვს, დამალვას აზრი არ აქვს. ის მაინც გიპოვის, თუ მოისურვებს.
შემდეგ კი სიჩუმე დგება. ეს მომაკვდინებელია. ამ დროს ველოდებით, რომ კიდევ გამოფრინდება. და თუ ახალი ხმები გაისმება, ვბუჟდებით. იმიტომ, რომ ვერ ვხდებით, ეს რას ნიშნავს. როგორ სიკვდილს: სწრაფს თუ საშინელს და მწამებლურს?
როგორც ჩანს, ბოლო კვირებში ყველა სახის იარაღი ჩვენზე გამოცადეს. მათთვის რა მნიშვნელობა აქვს, რით მოგვკლავენ? თუმცა არა, მკვლელობის პროცესი მათთვის ხელოვნება და მრავალფეროვნებაა. მინდა, ბარდა გავხდე და სარდაფის ნაპრალებში გადავვარდე. იქნებ ასე მაინცაა გადარჩენის შანსი?
სინათლის, გაზის და ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრება ვისწავლე. ჭამა არ მინდოდა, ვცდილობდი, წყალი ეკონომიურად დამელია, რადგან იმის გაფიქრებისაც კი მეშინოდა, რომ წყლისთვის გარეთ გასვლა მომიწევდა. წყალი ჩვეულებრივ ხალხს მოჰქონდა და უფასოდ გვირიგებდნენ. ამაზე საოცარი რიგები იდგა უცნაურად ჩაცმული ხალხის, რომლებიც წყლისგან მხოლოდ მაშინ გარბოდნენ, თუ მათ თავზე ნაღმები უსტვენდნენ.

ფოტო: FB/ნატალია დედოვა
მგონია, რომ ამ დროის განმავლობაში არცერთ ჩვენგანს სარკეში არ ჩაუხედავს. სიმართლე რომ ვთქვა, ფეხებზე მკიდია ჩემი სილამაზე. ეს სავსებით უმნიშვნელოდ იქცა. რადგან არსებობს უდიდესი შანსი, რომ ერთი წუთის შემდეგ მკვდარი იქნები და აზრი აღარ ექნება, როგორ გამოიყურება შენი ანარეკლი.
თმები საშინლად მქონდა, თუმცა არც ეს მადარდებდა. ყველა ქუდებით დადიოდა. თვალებამდე იფარებდნენ, იმიტომ, რომ ძვირადღირებულ წყალს დასაბანად არავინ ხარჯავდა. ორ რაღაცაზე ვოცნებობდი – რომ არ ესროლათ და სიკვდილის წინ ცხელი შხაპი მიმეღო.
იცით, რა დავინახე, როცა მეგობრებმა მარიუპოლიდან წამომიყვანეს? ჩემი ქალაქი ვერ ვიცანი. ძალიან დიდხანს ვმჯდარვარ სარდაფში, ის კი ამ პერიოდში ოკუპანტებმა გაანადგურეს.
ვნახე მკვდარი სახლები, დანახშირებული კედლები, ფესვიანად მოგლეჯილი ხეები, დაგლეჯილი მავთულები და მოკლული ადამიანები გზებზე. თუმცა ყველაზე საშინელი ეს არ იყო.
ახლოს ჩავუარეთ 15-სართულიან კორპუსს დამსხვრეული შუშებით, გარეთ აფრიალებული ფარდებით. მომეჩვენა, რომ ეს სახლი საერთოდ არ დაზიანებულა. თუმცა შემოვუარეთ.
სახლის უკან იყო მოგლეჯილი კედელი და გაგლეჯილი აივნების ნარჩენები, აფეთქებული ფანჯრები. ეს გარდამავალი სახლი იყო, როგორც გრიმირებული გარდაცვლილი. შორიდან ცოცხალი, ახლოდან კი -მკვდარი. და ასეთი სახლები იყო ასობით.
მინდა გითხრათ, რომ შიშისგან ჩემს წითურ იოსიკს ვუღალატე. მე ის სახლში დავტოვე. თან წამოყვანა ვერ მოვასწარი. ბინაში ასვლის შემეშინდა. თავშესაფარში არ წავიყვანე, რადგან შეიძლებოდა იქ დაკარგულიყო. უკეთესი იქნებოდა, იქ დაკარგულიყო. ნაზი და კეთილი კატა დავტოვე ჯოჯოხეთში. ეს უპატიებელია.

ამ ჯოჯოხეთში დარჩა ხალხი. მათ გამოსვლა არ შეუძლიათ. ყველა მიაგდეს. ხალხი, რომელსაც არაფერი დაუშავებია, ისევე, როგორც ჩემს წითურ იოსიკს. ნუ იქნებით მშიშარა მოღალატეები. გთხოვთ, მაშინაც კი, თუ მარიუპოლს ვერ გადავარჩენთ, ადგილობრივების გადარჩენაში დაგვეხმარეთ. ეს ასობით ათასი ადამიანია. მათ სიცოცხლე უნდათ.
