პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტს. დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 111 ხმით მიიღო.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, რეზოლუციის პროექტის ტექსტის გაცნობამდე, კოლეგებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის სტრატეგიული მიზანია, რომელიც ეფუძნება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას. მისივე განცხადებით, საქართველომ ბოლო ათწლეულში მყარი საფუძველი შექმნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესისთვის.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს წარუდგინა რეზოლუციის პროექტი, სადაც გახმიანებულია ის ძირითადი გზავნილები, რაც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სჭირდება.
∙ რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა და საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.
∙ დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, საქართველოს სათანადოდ მოსამზადებლად ევროკავშირის წევრობისთვის.
∙ ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს, მაღალ დონეზე ჩაერთოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების, ასევე საქართველოსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში და გააძლიეროს ძალისხმევა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის სრულფასოვნად შესასრულებლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის მიზნით.
