მოსკოვმა აღიარა წვევამდელების ყოფნა რუსეთის არმიის იმ ქვედანაყოფებში, რომლებიც უკრაინაში შეიჭრნენ. საუბარია ადამიანებზე, რომელთაც კანონი ავალდებულებთ სამხედრო სამსახურს გარკვეული პერიოდით.

რუსეთის კანონმდებლობით, 18-დან 27 წლამდე ასაკის ყველა კაცმა 1-წლიანი სამხედრო სამსახური უნდა გაიაროს.

“სამწუხაროდ, აღმოვაჩინეთ წვევამდელების ყოფნის რამდენიმე ფაქტი უკრაინაში [მიმდინარე] სპეცოპერაციაში მონაწილე ქვედანაყოფებში”, — ციტირებს BBC რუსეთის თავდაცვის სამინისტროს.

უწყების თანახმად, ზოგიერთი მათგანი უკრაინის ძალების ტყვეობაში აღმოჩნდა. სამინისტრო აცხადებს, რომ “პრაქტიკულად ყველა ასეთი ჯარისკაცი გამოყვანილია” და პირობას დებს, რომ სამომავლოდ თავიდან აიცილებს მსგავსი სიტუაციების განმეორებას.

ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უარყო უკრაინაში რუსეთის არმიის წვევამდელების ყოფნა და დასძინა, რომ იქ მხოლოდ პროფესიონალი ჯარისკაცები იგზავნებიან.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.