სახელისუფლებო გუნდის რღვევა პირველად ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო. იგი მთავრობიდან სკანდალურად წავიდა. მისი სამოხელეო კარიერა ნინო ბურჯანაძესთან დაპირისპირებამ შეიწირა. ზურაბიშვილმა თანამდებობის დატოვების შემდეგ აღიარა ხმამაღლა, რომ `ხელისუფლებაში ქაჯები იყვნენ~. თუმცა, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში ახლახან გადასულ ბურჯანაძესთან თანამშრომლობას აპირებს.

მერე, ეტაპობრივად ბევრი პოლიტიკოსი წავიდა მმართველი გუნდიდან.

თუმცა, მეორე სკანდალური მინისტრი, ვინც სააკაშვილის ხელისუფლებას ოპოზიციაში ჩაუდგა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იყო. ოქრუაშვილის წინააღმდეგ არსებული კომპრომატების ომის მიუხედავად, ხელისუფლებაში ყოფნის დროს მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. კრიტიკული აზრი ხელისუფლების მიმართ არც ოქრუაშვილს გამოუთქვამს ოდესმე, `პირდაუბანელი დედაკაცების ტლიკინს~ კომენტარის ღირსად არ თვლიდა. იგი სააკაშვილის ერთგულ მეგობრად მანამდე მოიაზრებოდა, სანამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა.

მიხეილ სააკაშვილის გუნდის მესამე სკანდალური სახე ნინო ბურჯანაძე გახდა. ბევრის აზრით, მისი და სააკაშვილის გზებიც მხოლოდ მას შემდეგ გაიყარა, როცა ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკური ინტერესების შეზღუდვა იგრძნო. მან მმართველი გუნდის დატოვების მიზეზად არა ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიის შეზღუდვა, არამედ ის დაასახელა, რომ  `ნაციონალების~ საარჩევნო სიაში მისი რჩეულები არ აღმოჩნდნენ. ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებზე, ბურჯანაძე მისი წილი პასუხისმგებლობის გარეშე საუბრობს. სამაგიეროდ, არ საუბრობს `კრიმინალი ხელისუფლებისგან~ წყნეთში საჩუქრად მიღებულ 30 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, რომელიც აქციის დარბევის დღეებში,  სიმბოლურ ფასად (1 ლარად) მიიღო პრეზიდენტისგან. საზღვრის დაცვის ყოფილი უფროსი, ბადრი ბიწაძე მეუღლის საქციელის გამართლებას შეეცადა. ერთ-ერთი ექსპერტი კი ნინო ბურჯანაძეს საჩუქრის გაყიდვას და აღებული თანხის ქველმოქმედებაში ჩადებას ურჩევდა, თუმცა ბურჯანაძემ ქველმოქმედებას დუმილი არჩია.

ყოფილმა პრემიერმა, ზურაბ ნოღაიდელმა ხელისუფლება ბურჯანაძემდე, ხელისუფლების კრიტიკის გარეშე დატოვა. პრემიერობისას კი აცხადებდა, რომ `ქვეყანა დიდი ნაბიჯებით მიდიოდა წინ~.

`დემოკრატიას ჩამორჩენილი და კორუმპირებული ხელისუფლების~ კრიტიკა ნოღაიდელმაც მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა. მანამდე კი ის `კალა-კაპიტალიდან~ წავიდა. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ნოღაიდელის ქონებას საფრთხე დაემუქრა და ამ ქონების შენარჩუნება მხოლოდ პოლიტიკაში დაბრუნებით შეიძლებოდა. მანამდე კი, `ბიუჯეტის ქურდი~ პრემიერი (ასე მოიხსენებდა მას ოპოზიცია), სააკაშვილმა `საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის~ წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. 

ბოლო ადამიანი ვინც ხელისუფლებიდან წამოვიდა, ჯერჯერობით, ირაკლი ალასანიაა.

`ნაცმოძრაობას~ რიგითი წევრებიც ტოვებენ. აჭარაში მმართველი გუნდი პირველად, ვარდების რევოლუციიდან რამდენიმე კვირაში, უმაღლესი საბჭოს წევრმა, დავით ბაციკაძემ დატოვა. მერე იყო მეორე დეპუტატი _ ხათუნა სამნიძე. 7 ნოემბრის შემდეგ იგივე არჩევანი ბათუმის საკრებულოს წევრმა ვახტანგ ღლონტმა გააკეთა. თუმცა, იგი ერთადერთი ადამიანია, ვინც `ნაციონალების~ რიგების დატოვების შემდეგ, საკრებულოში თანამდებობა შეინარჩუნა. ვახტანგ ღლონტს დავით ჩხარტიშვილი მიჰყვა, რომელიც გაზეთ `აჭარას~ და `ბათუმური ქრონიკების~ რედაქტორი იყო.  `ნაციონალებიდან~ მისი წასვლის მიზეზად თანამდებობრივი ინტერესები სახელდებოდა.

მმართველი გუნდი, ბათუმის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ბადრი ქაჯაიამაც დატოვა. ოღონდ მას შემდეგ, რაც ნარკოტიკების შენახვა-მოხმარების ბრალდებით სოდ-მა სპეცოპერაციით დააკავა. ქობულეთის საკრებულოში კი ფრაქციის შექმნა უკვე მოახერხა ბურჯანაძემ. ფრაქციაზე `ლეიბორისტებიც~ ოცნებობენ და დავით რობაქიძის აზრით, ეს ოცნება მათ ბათუმის საკრებულოში აუსრულდებათ. პარტიის რღვევის შეჩერებას `ნაციონალები~, ჯერჯერობით, კუდ-ის აქტიურობით ახერხებენ. 

უამრავი ბრალდების მიუხედავად, ოპოზიციამ ვერ შეძლო სააკაშვილის ხელისუფლების კონსტიტუციური გზით ჩამოშორება. `რამე დიდ სკანდალს ველოდებით~, _ ამბობს ერთ-ერთი `რესპუბლიკელი~. ამ სკანდალს ისინი გაზაფხულისთვის ელიან. მიხეილ სააკაშვილი კი ოპოზიციას დასცინის და ამბობს, რომ მათ ადგილზე, არსებულ ხელისუფლებას სამ თვეში გაანადგურებდა. `მაგრამ არ მინდა მათ ვასწავლო, როგორ გააკეთონ ეს~, _ განაცხადა პრეზიდენტმა `ნიუ იორკ თაიმსთან~ ინტერვიუში. 

მას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ ისტორიაში ისეთ ადამიანად დარჩება, `რომელმაც საქართველო თანამედროვე, ევროპულ სახელმწიფოდ აქცია~.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *