აფხაზური მხარის სტატისტიკის [ქართული მხარე ამ სტატისტიკას არ ენდობა] შესაბამისად, აფხაზეთში, ბოლო 24 საათის მონაცემით, კორონავირუსის 153 შემთხვევა დაფიქსირდა.
სოხუმის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამმართველოს ცნობით, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი უკანასკნელი ერთი [21-27 ივნისი] კვირის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა სოხუმშიც და ამ ეტაპისთვის დაავადებულთა რიცხვი სოხუმში 670-ია, მათგან 83 ბავშვი.
“ძალიან დიდი მომართვიანობაა სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში. ამიტომაც დამატებით ჩაეშვა ტურბაზის ამბულატორიული ცენტრი, სადაც მივლენილი არიან ექიმები და მედდები”, – ამბობს ადმინისტრაციის წარმომადგენელი ირმა ვოუბა.
“კორონავირუსით დაავადებულების მასობრივი შემოდინებაა ჩვენს საავადმყოფოში. ბევრი ამბოლატორიული პაციენტია. სულ უფრო ხშირია გავრცელება ბავშვებში, რომელთა შორის ისეთებიც არიან, ვისაც მძიმედ გადააქვს დაავადება პნევმონიით”, – ამბობს სოხუმის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი ასტამურ გუნია.
აფხაზური მხარის სტატისტიკითვე, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, ჯამში, 17 197-ია, გამოჯანმრთელდა 15 438 ადამიანი.
