„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მთავრობას, მეტი ნაბიჯი გადადგას ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
ორგანიზაცია წერს, რომ პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალები და გოგონები იმყოფებიან არათანასწორ მდგომარეობაში, მეტად ხდება გენდერული ნიშნით ძალადობა, ქალთა შრომა დაუფასებელი, ხოლო ქალის როლი დაკნინებულია.
„საქართველომ ბოლო წლებში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (ე.წ. სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირებით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, ქალთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველსაყოფად და ძალადობისგან დასაცავად სხვადასხვა ღონისძიებები გაატარა. მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა კვლავ პრობლემას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის საკითხი და სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებს მრავალი ასპექტით მუშაობას“, — წერს ორგანიზაცია.
საია აღნიშნავს, რომ ქალები და გოგონები ხშირად განიცდიან ისეთი სერიოზული ფორმების ძალადობას, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, სექსუალური ძალადობა, ფემიციდი, იძულებითი ქორწინება, იძულებითი აბორტი.
„სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მრავალწლიანი გადამზადების მიუხედავად, კვლავ პრობლემურია ქალთა მიმართ, განსაკუთრებით კი სქესობრივი დანაშაულის დროული და ეფექტიანი გამოძიება. ამგვარ დანაშაულებზე მართლმსაჯულება, ხშირ შემთხვევაში, მოძველებული მეთოდოლოგიით მიმდინარეობს, რაც სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია“, — აღნიშნავს საია.
საია ამბობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისთვის პრევენციისა და ძალადობის ფაქტებზე შესაბამისი პასუხისმგებლობის შესაფარდებლად მნიშვნელოვანია:
- შეიქმნას პრევენციის სისტემური მექანიზმი, რომელიც დაგეგმავს პრევენციული ღონისძიებების გატარებას – ქალთა თანასწორუფლებიანობის მიმართულებით, მათ შორის შემდეგ საკითხებზე: ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, ადრეული და იძულებითი ქორწინება;
- ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, დაინერგოს და განხორციელდეს შესაბამისი პროფესიული გადამზადების პროგრამები;
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ უზრუნველყონ სექსუალური ძალადობის ყველა შემთხვევის სათანადო აღრიცხვა, წარმართონ გამოძიება გენდერულად მგრძნობიარე მეთოდოლოგიით და ყველა შემთხვევაში გამოიყენონ დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი კვალიფიკაცია;
- საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები შეიტანოს სქესობრივი დანაშულების დეფინიციაში, რითაც ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში მოვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე, მოახდინოს იძულებითი აბორტის და აბორტის იძულების კრიმინალიზაცია.
სრული განცხადება ნახეთ აქ.
