დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის რამდენიმე საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.

გამყრელიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში ამბობს, რომ ამ ეტაპზე სულ რამდენიმე საეჭვო შემთხვევაა, თუმცა, რესპირატორული დაავადებებისთვის მუტაცია დამახასიათებელია.

„რამდენიმე შემთხვევას ვიკვლევთ, საეჭვო შემთხვევებია. მიმდინარეობს რამდენიმე ნიმუშის სეკვენირება, რასაც რამდენიმე დღე სჭირდება. სეკვენირება ნიშნავს გენის დაშლას და შემდგომ შედარებას, იქ არის თუ არა მუტაცია მის გენომში.

ეს საკმაოდ რთული სამუშაოა. დიდი ბრიტანეთი მდიდარი ქვეყანაა და იქ [ეს შტამი] აღმოაჩინეს იმიტომ, რომ ყველა ნიმუშის 10%-ის სეკვენირება ხდება. ეს ძვირადღირებული სიამოვნებაა. რამდენიმე შემთხვევას ვიკვლევთ და თუ რომელიმე დადასტურდა, ვაუწყებთ საზოგადოებას“, – ამბობს ის.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა იციან ახალი შტამის შესახებ, გამყრელიძე პასუხობს, რომ ჯერჯერობით ეს ცოდნა ბრიტანეთისა თუ სხვა ქვეყნების გამოცდილებას ეყრდნობა.

„ვიცით, რომ თითქოს ამ შტამს უფრო სწრაფად გავრცელების, ადვილად გადადების უნარი აქვს. არ არის უფრო ვირულენტური, ანუ არ არის უფრო აგრესიული. ისიც ვიცით, რომ დღეს უკვე დასრულებული ან დასრულების ფაზაში მყოფი ვაქცინები ამ შტამის საწინააღმდეგოდაც იმოქმედებენ.

ეს არ არის ახალი აღმოჩენა, რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ არის, ამის შესახებ ჯერ კიდევ სექტემბერში იყო საუბარი. რადგან რესპირაციულ ვირუსებს საკმაოდ სწრაფი და ხშირი მუტაციები ახასიათებთ“, – დასძენს ის.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 218 724 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 196 220 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 313 გარდაიცვალა.


ვირუსის ახალი შტამის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ და კანადამ ბრიტანეთიდან მოგზაურთა მიღება დროებით აკრძალეს.

საქართველოს უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ის პირები, რომლებიც ბრიტანეთიდან საქართველოში ბრუნდებიან, 12 დღით სავალდებულო საკარანტინო სივრცეებში მოთავსდებიან.

ამ დრომე არსებული მონაცემებით, ვარაუდიბენ, რომ ახალი შტამის ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ არ გამოირჩევა რაიმე ახალი გართულებით. ასევე, უკვე დამტკიცებული ვაქცინების მწარმოებლები ამბობენ, რომ ვაქცინა ვირუსის ახალ შტამსაც წარმატებით უმკლავდება.

ვრცლად:

კორონავირუსის ახალი შტამი – რა ვიცით მასზე?