პირველყოფილი ადამიანები ასი ათასობით წლის წინ გრძელ და ცივ ზამთრებს შესაძლოა ძილში ატარებდნენ. ჰიპოთეზა ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა, როგორც The Guardian წერს, მეცნიერთა ჯგუფის მტკიცებით, ამაზე მიანიშნებს სამარხებში აღმოჩენილი მასალები.
გამოზამთრების (ჰიბერნაცია) მსგავსი ფენომენი დღემდე გვხვდება დათვებში, ღამურებსა და ევროპულ ზღარბებშიც კი. ჰიბერნაცია, იგივე ზამთრის ძილი, სასიცოცხლო პროცესების დროებითი ღრმა დათრგუნვაა, რითაც ცხოველები თავს აღწევენ სეზონურ არახელსაყრელ პირობებს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანების ადრეული წინაპრები სასტიკი ზამთრების დროს, როდესაც საკვები არ მოიპოვებოდა, ამ ცხოველების მსგავსად მეტაბოლიზმს ინელებდნენ და თვეების განმავლობაში ეძინათ.
მოსაზრება ეფუძნება ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში არსებულ გამოქვაბულში აღმოჩენილ სამარხს, სადაც ადრეული ნეანდერტანელის ან მათი წინაპრების ათეულობით ნამარხია ნაპოვნი.
სამეცნიერო ჟურნალ L’Anthropologie-ში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, მეცნიერები აცხადებენ, რომ სამარხებში აღმოჩენილი ნიმუშების გამოკვლევით დგინდება, რომ მაშინდელი ადამიანების ძვლების ზრდა ყოველწლიურად რამდენიმე თვით ფერხდებოდა, რაც იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ ადრეული ადამიანები იმგვარ მეტაბოლურ მდგომარეობაში იქვნენ, რომელიც ეხმარებოდა მათ, ხანგრძლივ ყინვაში გადარჩენილიყვნენ მინიმალური საკვებით და საკმარისი სხეულის ცხიმის დაგროვებით. შესაბამისად, ნაშრომის ავტორები მიიჩნევენ, რომ ადამიანთა წინაპრები სწორედ ძილით იზამთრებდნენ და ამაზე მიუთითებს შეფერხება ძვლის განვითარებააში.
მათი თქმით, შესაძლოა, ეს სამეცნიერო ფანტასტიკასავით ჟღერდეს, თუმცა აღნიშნავენ, რომ მსგავსი ქცევა ბევრი ძუძუმწოვრისთვისაა დამახასიათებელი, მათ შორის- პრიმატებისთვის, ლემურებისთვის.
ნაშრომში მეცნიერები განიხილავენ კონტრარგუმენტებსაც. მაგალითისთვის, თანამედროვე საამის თემი, რომელიც არანაკლებ მძიმე გარემოპირობებში ცხოვრობს, გამოზამთრების ამ მეთოდს არ მიმართავს. ამ არგუმენტის საპასუხოდ მეცნიერები ამბობენ, რომ თევზი და ჩრდილოეთის ირმის ქონი ესკიმოსებსა და საამის ხალხს ზამთარში საკვებით უზრუნველყოფს და გამოზამთრების აღნიშნული მეთოდი არ სჭირდებათ. ამის საპირისპიროდ, ტერიტორია, სდაც სამარხები აღმოჩნდა, ნახევარი მილიონი წლის წინ იქაურ მცხოვრებლებს ვერ უზრუნველყოფდა საკმარისი საკვებით.
ჰიბერნაციის თეორიის საპირისპირო არგუმენტები აქვს მეცნიერთა ნაწილს, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანების სამარხებში აღმოჩენილ წინაპრებს ადამიანის ზომის თავის ტვინი ჰქონდათ და გაცილებით მეტი ენერგიის მოხმარება დასჭირდებოდათ, ვიდრე სხვა ძუძუმწოვრებს. შესაბამისად, მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ძილით გამოიზამთრებდნენ, რის გამოც თეორიის მართებულობაში ეჭვი ეპარებათ. გარდა ამისა, მეცნიერთა სხვა ჯგუფის განცხადებით, ძვლების ზრდაში დაფიქსირებული დინამიკა შესაძლოა სხვა ფაქტორებით იხსნებოდეს და არა მაინცდამაინც ჰიბერნაციით.
მიუხედავად ამისა, მეცნიერები თანხმდებიან, რომ იდეა საინტერესეოა და მისი გენეტიკური კვლევებით შემდგომი გადამოწმება შეასძლებელი იქნება.
