შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ფოთის სამმართველოს ერთ-ერთ მეხანძრე მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სამინისტროს ცნობით, მეხანძრე-მაშველს კორონავირუსის გეგმიური ტესტი, რომლის შედეგადაც Covid-19 დაუდასტურდა, 4 სექტემბერს ჩაუტარდა. მანამდე ბოლო ტესტი კი მან ორი კვირით ადრე გაიკეთა, რაზეც პასუხი უარყოფითი იყო.

“მეხანძრე-მაშველი ცვლაში 6 სექტემბერს მორიგეობდა. ამ დროისთვის, ყველა თანამშრომელი, ვინც ამ დღეს მუშაობდა, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია. ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მეხანძრე-მაშველი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს და ვირუსის კლინიკური გამოვლინებები არ აღენიშნება.