ბელარუსში 70-მდე ონლაინ-პლატფორმაზე წვდომა შეზღუდეს.
მათ შორის არის პოლიტიკური გვერდები და მედია. შავ სიაში სხვა საიტებთან ერთად მოხვდა:belsat.eu, euroradio.fm, belarus.regnum.ru, svaboda.org და სხვა.

Tut.by-ის ინფორმაციით, შესაბამისი დადგენილება ბელარუსის ინფორმაციის სამინისტრომ მიიღო.

საიტებზე წვდომა შეზღუდულია ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის, თუმცა ხელმისაწვდომია ინტერნეტ პროვაიდერებისთვის და საზღვარგარეთ.


9 აგვისტოს არჩევნების შედეგებით, რომლებიც ბელარუსის საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა, ალექსანდრე ლუკაშენკო დიდი უპირატესობით ლიდერობს. მის მთავარ კონკურენტად მიჩნეული სვეტლანა ტიხანოვსკაია შედეგებს არ აღიარებს.

არჩევნების შემდგომ ბელარუსში დაიწყო ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით. ბელარუსში აქციების ორგანიზებისათვის აქტიურად იყენებენ “ტელეგრამს”
პროტესტის პირველ დღეებში პოლიციამ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, ძალოვნების ქმედებებისა და შეტაკებების შედეგად დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც დაკავების იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან. დადასტურებულია ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ.

ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები ბელარუსის დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში 16 აგვისტოს გაიმართა. გაფიცულნი არიან მსხვილი ქარხნების მუშები და სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი. 17 აგვისტოს ლუკაშენკოს არაერთგზის მოუწია უკმაყოფილო შეძახილების მოსმენა სატრაქტორო ქარხნის მუშების მხრიდან, რომელთა წინაშეც ის სიტყვით გამოვიდა.

აღნიშნული გამოსვლისას ლუკაშენკომ გამორიცხა ხელახალი არჩევნების ჩატარება, თუმცა მისი რიტორიკა ნაწილობრივ შეიცვალა დღის ბოლოს: მან თქვა, რომ ახალი არჩევნები მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ალექსანდრე ლუკაშენკომ არაერთგზის ახმიანებს ხისტ შეფასებებს დემონსტრაციების მონაწილეთა მიმართ და ამბობს, რომ ისინი საზღვარგარეთიდან იმართებიან. 19 აგვისტოს კი მან თქვა, რომ სახელმწიფომ არმიის ნაწილები ბელარუსის დასავლეთ საზღვრებთან გადაისროლა უცხო ქვეყნების მთავრობების განცხადებების საპასუხოდ. საუბარია განცხადებებზე, რომლებითაც დასავლეთის ქვეყნები კრიტიკულად აფასებენ ვითარებას ბელარუსის შიგნით.

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსს 26 წელია მართავს.