შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ  ცხელ კვალზე დააკავა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული. მკვლელობა თბილისში დღეს, 17 ივნისს მოხდა. 

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, პაატა ჯანელიძის ქუჩაზე,  ოჯახის ახლობელს – 1968 წელს დაბადებულ გ.გ.-ს,  შურისძიების ნიადაგზე,  ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად, გ.გ. ადგილზე გარდაიცვალა”, – ამ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

1965 წელს დაბადებული ც.ა. -ს ბრალი განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.