ახალი ამბები

“დიღმის ჭალები ნადგურდება” – მოსახლეობა ეკოსისტემის გადარჩენას ითხოვს

5 ივნისი, 2020 • 3657
“დიღმის ჭალები ნადგურდება” – მოსახლეობა ეკოსისტემის გადარჩენას ითხოვს

თბილისში, დიღმის ჭალების მიმდებარედ მცხოვრები ადამიანები და ურბანისტთა ნაწილი მიიჩევენ, რომ ჭალების ტერიტორიაზე კომპლექსურად ნადგურდება ეკოსისტემა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებზე, ასევე, მთლიანად დედაქალაქზეც.

ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 4 ივნისს, ტერიტორიის დაცვის მოთხოვნით, საინფორმაციო შეხვედრაც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა აქ სამშენებლო მასალის მოპოვება და სამშენებლო მასალის ნარჩენების დაყრა გააპროტესტეს.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა ანა ტრაპაიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე რამენიმე ძირითადი პრობლემაა გამოკვეთილი: 1. ადგილზე უკანონოდ მოიპოვებენ სამშენებლო მასალებს, რა დროსაც ირღვევა მტკვრის კალაპოტი და იქმნება ტბორები, რომელიც ჭაობდება; 2. ჭალის მდელოსა და ტყის ტერიტორიაზე სამშენებლო მასალების მოპოვების შემდეგ ნარჩენებს ტოვოებენ ადგილზე, შედეგად კი ნადგურდება ხეები; 3. ამავე ტერიტორიაზე ამუშავებენ მოპოვებულ მასალას, რაც ადგილობრივ მოსახლეობას უქმნის დისკომფორტს, რადგან მუდმივად არის ხმაური და მტვერი. ამასთან, დიღმის ჭალებში იყრება სამშენებლო ნაგავიც.

“დაახლოებით 4 წლის განმავლობაში ჭალების ტერიტორიის 2/3 განადგურდა ამ სახით, ესეც სატელიტური სურათებით, და რეალურად რომ ნახავთ, ის, რაც მწვანეა დარჩენილი იქ, მანდაც სამშენებლო ნაგავი აქვს მიყრილი. ამ საკითხთან დაკავშირებით მივმართეთ მერიასაც, მათგან კი მივიღეთ პასუხი, რომ აჯარიმებენ ხოლმე კონკრეტულ კანონდარღვევებზე სხვადასხვა კომპანიას, თუმცა ისეთი რეაგირება, რომ აღკვეთილიყო ეს საქმიანობა, აქამდე არ მომხდარა”, – უთხრა ანა ტრაპაიძემ “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მერიიდან გამოითხოვეს ინფორმაცია ლიცენზიებთან დაკავშირებით, თუმცა ამ ინფორმაციის მიხედვით, არც სამშენებლო მასალების მოპოვებასა და არც სამშენებლო ნაგავის დაყრასთან დაკავშირებით არ გაცემულა ნებართვა.

ტრაპაიძის განმარტებით, ერთადერთი ლიცენზია, რომელიც ამ ტერიტორიას ეხება, 2006 წელს არის გაცემული და ისიც მტკვარში არსებულ კუნძულთან დაკავშირებით.

“რადგან გამოიკვეთა არალეგალური საქმიანობის კვალი და ჩვენ ამის საბუთებიც გვაქვს, შევეცდებით სამართლებრივად დავიწყოთ დავა და ასე გავარკვიოთ ეს საკითხი”, – განმარტა ტრაპაიძემ.

ადგილობრივი მცხოვრების თქმით, აღნიშნული სამუშაოები განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს ბოლო 8 თვის განმავლობაში.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ურბანისტ-არქიტექტორის, ანა ბიბილაშვილის თქმით, დიღმის ჭალების ტერიტორია 100 ჰექტარს მოიცავს, აქედან დაახლოებითი 40 ჰექტარზე კი უკანონო პროცესები მიმდინარეობს, მათ შორის, სამშენებლო მასალის ნარჩენები მდინარე მტკვარშიც იყრება, რომელიც, თავის მხრივ, მავნე ნივთიერებებს ქალაქში ანაწილებს:

“აქ რამდენიმე ეკონადაშაულია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ასოცირების ხელშეკრულების არაერთ დებულებასა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. ეს არის ბუნებრივი რესურსების არასწორი, უკანონო მოპოვება. კარიერები კეთდება მტკვრის წყალდამცავ ზონაში, რომელიც ქმნის ტერიტორიის დატბორვის საშიშროებას. მოპოვებულ რესურსებს ასაწყობებენ იქ, სადაც არის ბუნებრივი ჭალები, ჯერ კიდევ შერჩენილია ხეები. აქვე ასაწყობებენ და ფქვავენ სამშენებლო მასალებს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს გარემოს დაბინძურებას”.

ბიბილეიშვილის თქმით, აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, პირველ რიგში, საჭიროა ზემოთ აღნიშნული პროცესების შეჩერება, შემდეგ კი ამ ტერიტორიის გამოკვლევა და დადგენა, თუ როგორ უნდა დაუბრუნდეს დიღმის ჭალების ტერიტორიას ბუნებრივი, ავთენტური პოტენციალი.

აღნიშნულ აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის, “ნაცონალური მოძრაობის”, “ლეიბორისტული პარტიის” და “ლელოს” აქტივისტები.

როგორც “ნეტგაზეთთან” საუბრისას “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკოლოგმა ლაშა ჩხარტიშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობას ამ ტერიტორიაზე პარკის გაშენების გეგმაც ჰქონდა, თუმცა აღნიშნული გეგმა ამ დრომდე არ განხოციელებულა:

“აქ უნდა გაშენებულიყო პარკი, თუმცა პარკი, როგორც მერიას ჰქონდა წარმოდგენილი და როგორც ჩვენ გვინახავს სლაიდებზე, არის, სულ მცირე, უნამუსობის ნიმუში, რადგან ერთი მხრივ, ამ სივრცეს მთლიანად არ მიანიჭეს რეკრეაციული ზონის სტატუსი, არამედ მხოლოდ 15 ჰექტარი გაიმეტეს საზოგადოებისთვის და დანარჩენი ნაწილის ათვისება უნდათ სამშენებლოდ. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პარკი იყოს შუაში, ერთ მხარეს სამშენებლო ნაგავსაყრელი, მეორე მხარეს კი- ქვის სამტეხლო და აქ მოვიდეს ხალხი დასასვენებლად”, – უთხრა ჩხარტიშვილმა “ნეტგაზეთს”.

რა იგეგმებოდა დიღმის ჭალებში

დიღმის ჭალებში პარკის გაშენების შესახებ საუბარი ჯერ კიდევ 2015 წელს, დავით ნარმანიას მერობის პერიოდში დაიწყო. მაშინ ნარმანია ამბობდა, რომ ამ ტერიტორიაზე პარკის გაშენებით დიღმის ჭალები ფუნქციას შეიძენდა, როგორც თბილისის საზღვრებში არსებული ერთადერთი უფუნქციო კუნძული.

ფუნქციას შეიძენდა მდინარე მტკვარიც, რომლის სანაპიროზეც დაგეგმილი იყო სასეირნო ბილიკების მოწყობა. პარკი კი 500 000 კვადრატულ მეტრზე აშენდებოდა.

2015 წლის ფოტო

პარკის პროექტი 2019 წელს თბილისის მერმა კახა კალაძემ ხელახლა წარმოადგინა და თქვა, რომ მისი მშენებლობა იმავე წელს დაიწყებოდა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პროექტის ღირებულება 11.6 მილიონი ლარი იქნებოდა და სამუშაოები 2020 წლის ბოლოსთვის დასრულდებოდა.

დედაქალაქის მერის თქმით, პარკში განთავსებული უნდა ყოფილიყო მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, სპორტული მოედნები, საბავშვო სივრცეები და კაფე-ბარები.

აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია კახა კალაძემ 2020 წლის დასაწყისშიც წარმოადგინა. პროექტის მიხედვით, პარკის ასაშენებლად გამოიყოფოდა 15 მილიონამდე ლარი.

თუმცა ადგილობრივი მცხოვრების, ანა ტრაპაიძის თქმით, პარკის მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა:

“სატვირთო მანქანების გახშირებული სიარულისას ვფიქრობდით, რომ ეს მანქანები პარკის ასაშენებლად დადიოდნენ ასე და ამიტომ არ გვქონდა პრეტენზია, თუმცა შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ სინამდვილეში აქ სულ სხვა სამუშაოების შესასრულებლად დადიან ეს მანქანები”, – ამბობს ის.

გარდა ამისა, ტრაპაიძემ “ნეტგაზეტთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიაზე პარკის იმ სახით გაშენება, როგორც მერიას აქვს დაგეგმილი, მოსახლეობას არ სურს.

“მერიას რაც აქვს შემოთავაზებული, ეს არის 15 ჰექტარზე, როდესაც მის საკუთრებაში 100-ზე მეტი ჰექტარია და ჩნდება კითხვა, რატომ მხოლოდ 15 ჰექტარზე და არა მეტზე. მით უმეტეს, რომ გენგეგმის მიხედვით, ის ტერიტორიები, რაც აქ არის, არის სატყეო და რეკრეაციული ზონა. მერიას უნდა ააშენოს რიყის ტიპის პარკი, ჩვენ მოსახლეობას ეს არ გვინდა, რადგან ეს იქნება ხმაურიანი ადგილი, ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს ტყე-პარკი, რომელშიც არის ბილიკები და ჰყავდეს თავისი რეინჯერი, რომ ყურადღება მიაქციოს პარკის სისუფთავეს და სხვა საკითხებს. ჩვენ გვგონია, რომ ეს არის საბაბი იმ ქმედებების გასამართლებლად, რაც რეალურად ხდება აქ”, – განაცხადა ტრაპაიძემ.

ამასთან, ტრაპაიძემ აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიებს აქვს სხვადასხვა სტატუსი, მათ შორის, რეკრეაციული ზონა 2-ის, ეს ნიშნავს, რომ გარკვეული სამუშაოების ჩატარება ნებადართულია. ასევე აქვს სტატუსი რეკრეაციული ზონა 1, რომელიც კრძალავს ყოველგვარი სამუშაოების ჩატარებას, და სატყეო ზონის სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ბილიკის გაკეთების უფლების გაცემაა შესაძლებელი.

პარკის მომავალთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” თბილისის მერიის მუნიციპალურ სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ და ამის შემდეგ მოგვაწვდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი