ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმება ყველა მხარის მიერ სრულად უნდა შესრულდეს.
ამის შესახებ დეგნანმა ონლაინ-პრესკონფერენციის დროს, გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ჩემი მხრიდან მიზანშეწონილი არ იქნება, ვისაუბრო საქმეზე, რომელიც ჯერ კიდევ სასამართლოში განიხილება. მე, როგორც ფასილიტატორი, ვფიქრობ, რომ 8 მარტის შეთანხმება თავისთავად ნათელია, მხარეებმა იციან, რას გულისხმობს ის. მათ თავად შეიმუშავეს პირობები და არა ფასილიტატორებმა, ამიტომ ფასილიტატორების როლი არ არის შეთანხმების ინტერპრეტირება. შეთანხმების სრულად განხორციელება არის ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში, რადგანაც მიმართულია პარალიზებული პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციისკენ და უკეთესი პირობების შექმნისაკენ 2020 წლის არჩევნებისთვის”, – განაცხადა დეგნანმა ონლაინ ფორმატში გამართული პრესკონფერენციისას და იმედი გამოთქვა, რომ ყველა მხარე სრულად შეასრულებს შეთანხმებას და მიღებულ იქნება საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც ეუთო/ოდირის ყველა რეკომენდაციას ასახავს.
“საკონსტიტუციო ცვლილებები არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომელიც პროპროციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, რაც უზრუნველყოფს უფრო მეტ პლურალიზმს პარლამენტში. ვიმედოვნებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილია, დამტკიცებული იქნება პარლამენტის მიერ. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რა თქმა უნდა, შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მხარეებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ მოლაპარაკებებში, უნდა შეასრულონ მათ მიერ აღებული ვალდებულება. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ საქართველო მიიღებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს”, – განაცხადა დეგნანმა.
აშშ-ის ელჩმა თავი შეიკავა შეფასებისგან, პოლიტიკური პატიმრები იყვნენ თუ არა უგულავა და ოქრუაშვილი, თუმცა თქვა, რომ პრეზიდენტმა მათი შეწყალებით გაბედული ნაბიჯი გადადგა.
“კარგად ჩანდა, რომ მისთვის ეს იყო რთული გადაწყვეტილება, თუმცა მან ქვეყნის ინტერესები დააყენა თავის პირად ინტერესებზე წინ და ეს არის ის, როგორც უნდა იქცეოდეს ნამდვილი ლიდერი. იმედი მაქვს, რომ ეს ნაბიჯი დაეხმარება სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის პირობების შექმნას, რაც ასე მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ამ პროცესს დიდი ყურადღებით აკვირდება ყველა და ქვეყანამ უნდა შეაძლოს, წარმოაჩინოს თავისი ერთგულება დემოკრატიის მიმართ, სანდო, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების გზით”, – განაცხადა დეგნანმა.
მისი თქმით, 2020 წელი საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
“შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნები საქართველოსთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება, წარმოაჩინოს მისი ერთგულება დემოკრატიის მიმართ. ეს არჩევნები არის შესაძლებლობა, რომ გადაიდგას გადამწყვეტი ნაბიჯი თავისუფალი და სანდო არჩევნებისკენ და ამისთვის მნიშვნელოვანია, პარლამენტმა მიიღოს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა”, – დასძინა კელი დეგნანმა.
