დღეს ცნობილი გახდა, რომ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ “ტელეკომპანია საქართველოს” 100%–იანი წილი დააყადაღა. 

 

ტელეკომპანია “საქართველოს” 100%–ს რუსთავი 2–ის მეწილეები, ყარამანიშვილები ფლობენ. თავის მხრივ, “საქართველო” “რუსთავი 2″–ის 51%-ს ფლობს. რეესტრში დარეგისტრირებული ხელშეკრულების თანახმად, ტელეკომპანია “საქართველო” უნდა გაყიდულიყო დიმიტრი ჩიქოვანზე, რომელიც დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. ტელეკომპანია უნდა გასხვისებულიყო 400 000 დოლარად, თუმცა განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებულია, რომ ტელეკომპანია საქართველოს 51%-იანი წილი რუსთავი 2-ში შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს და ახალ მეპატრონეს ეს თანხა ტელეკომპანიისთვის გრაფიკით უნდა ჩაერიცხა.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, 29 სექტემბერს, 17:53 საათზე დიმიტრი ჩიქოვანის წარმომადგენელმა, შოთა მინდელმა, დაჩქარებული წესით, ერთი დღის ვადაში, მოითხოვა წილის გასხვისების შესახებ მონაცემების რეგისტრაცია. მოთხოვნიდან რამდენიმე საათში (23:54 საათზე) სამეწარმეო რეესტრმა შეაჩერა წარმოება იმ მოტივით, რომ შოთა მინდელის მინდობილობით 100%-იანი წილის შეძენის უფლებამოსილება არ დგინდებოდა. “რუსთავი 2”-ის მენეჯმენტის განცხადებით, ხარვეზი 30 სექტემბერს, 15:45 წუთზე გამოსწორდა, თუმცა ამ დრომდე სამეწარმეო რეესტრს გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

“აღსანიშნავია, რომ სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ტელეკომპანია „საქართველოს” ყადაღა არ ადევს. შესაბამისად, გაუგებარია, ამ დრომდე სამეწარმეო რეესტრის მხრიდან რატომ არ ხდება რაიმე სახის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის განმავლობაში,”– ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში. 

 

TI და ISFED
TI და ISFED

ტელეკომპანია „საქართველოს” პარტნიორთა წილების გასხვისების შედეგად „რუსთავი 2” 6 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას მიიღებდა. ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანია „საქართველოს” წილებზე ყადაღის მოთხოვნა კი სწორედ  ამ პროცესისათვის ხელის შეშლის მიზანს ემსახურებოდა.

 

“ამ პერიოდისათვის ჩვენთვის უცნობია სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების საფუძველი, შესაბამისად, ვერ ვიმსჯელებთ მისი დასაბუთებულობის შესახებ. მიუხედავად ამისა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა. განსაკუთრებით იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სადავოდ ქცეული „რუსთავი 2” – ის წილების გასხვისება უკვე არსებული ყადაღის მოქმედების გამო არ ხდებოდა, ხოლო ამ წილების მფლობელი კომპანიის მესაკუთრის ცვლილება არ ნიშნავს „რუსთავი 2”-ის მეწილეთა ცვლილებას და აღნიშნული ქმედება საფრთხის ქვეშ არ აყენებს დავის საგანს ანუ „რუსთავი 2”-ის წილებს,”– ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში. 

 

გარდა ამისა, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანია “საქართველოს” გასხვისებით არ ხდებოდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის რაიმე ფინანსური ვალდებულებით დატვირთვა, არამედ კომპანიაში 6 მლნ–ის ოდენობის ინვესტიცია შევიდოდა.


“ამას ადასტრიურებს სამოქალაქო რეესტრში ატვირთული ნასყიდობის ხელშეკრულებაც. შესაბამისად, გაუგებარია, რა ინტერესები შეიძლება ამოძრავებდეს მოსარჩელე მხარეს, ხელი შეუშალოს იმ კომპანიაში ინვესტიციის შედინებას, რომლის საკუთრებაზეც იგი პრეტენზიებს აცხადებს, თუ არა მისი ამჟამინდელი საქმიანობისთვის ფინანსური დაბრკოლებების შექმნა,”– აცხადებენ არასამთავრობოები. 

 

გარდა ამისა, NGO–ების განცხადებით,  კომპანიის მეწილეების დავის პროცესში არის პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით არსებული მრავალი კითხვის ნიშანი, ასევე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები, სადაც ისინი “რუსთავი 2”-ის წილის მფლობელების შეცვლასთან დაკავშირებით ღიად გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციას.


“სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ “რუსთავი 2”-ის მფლობელობის შესახებ სასამართლო დავას პოლიტიკური კონტექსტი აქვს. ასევე, მიგვაჩნია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენები საფრთხეს უქმნის როგორც კონკრეტულად „რუსთავი 2”-ის ფუქნციონირებას, ასევე, ზოგადად, თავისუფალი მედიის მდგრადობას საქართველოში,”– აცხადებენ NGO–ები. 

 

არასამთავრობოები მოუწოდებენ შესაბამის ორგანოებს, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ მოახდინონ ტელეკომპანიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება და უზრუნველყონ სამართლის ნორმების ზედმიწევნით დაცვა, რათა ხელი არ შეეშალოს დამოუკიდებელი მედიის საქმიანობას და საფრთხის ქვეშ არ დადგეს მისი არსებობის საკითხი.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *