ომბუდსმენის განცხადებით, შშმ პირები, რომლებიც ბავშვობის ასაკიდან სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ იმყოფებიან, სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემდეგ იძულებულნი ხდებიან დატოვონ შესაბამისი დაწესებულებები დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების გარეშე. სახალხო დამცველი ასევე აცხადებს, რომ სახელმწიფო მათ არ სთავაზობს ადეკვატურ მხარდაჭერას, რის გამოც სხვა სოციალურ–ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად ისინი საცხოვრებლისა და შესაბამისი სერვისების გარეშე რჩებიან.
“ხელისუფლებას არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა/სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფდა ზრუნვიდან გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობებს, გარემოში არსებული ბარიერების დაძლევას და მათთვის ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტს. საკითხს რიგ შემთხვევაში არეგულირებს ეროვნული საკანონმდებლო აქტები, თუმცა მათი უმრავლესობა პრაქტიკაში არ მუშაობს,”– აცხადებს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველის განცხადებით, ზრუნვიდან გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება არ მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებით დიდი ფინანსური რესურსის ხარჯვას და არ წარმოადგენს დაუძლეველ ტვირთს ნების არსებობის შემთხვევაში.
სახალხო დამცველის რეკომენდაციით, მთავრობამ პასუხისმგებელი სამინისტროების ჩართულობით მოახდინოს სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი ღონისძიებების საკანონმდებლო რეგულირება, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. ასევე, უნდა შეიქმნას სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით ამ პირთათვის გარანტირებული უფლებების პრაქტიკულ იმპლემენტაციას.
ომბუდსმენის რეკომენდაციით, სამოქმედო გეგმაში უნდა გაიწეროს სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი კონკრეტული პროგრამები ნათლად და მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანებით, მათ შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებებით, შესრულების ინდიკატორებით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებით და კონკრეტული დაფინანსების წყაროებით. ამასთანავე, სამოქმედო გეგმაში გაწერილმა პროგრამებმა უნდა მოიცვას სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების, საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ფინანსური მხარდაჭერის, პროფესიული მომზადებისა და დასაქმების, ცხოვრებისეული უნარების განვითარების კომპონენტები.
სახალხო დამცველის რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გაწერილ პროგრამებში სახელმწიფოს ზრუნვიდან გამოსულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მხარდამჭერი სერვისების შეთავაზება ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების საფუძველზე უნდა განისაზღვროს.
ომბუდსმენი ასევე რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ მოახდინოს სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსულ იმ პირთა თავშესაფრით და ადეკვატური სოციალურ დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფა, რომლებსაც მოცემული მომენტისთვის ამის კრიტიკული საჭიროება გააჩნიათ
