საქართველოს საპატრიარქომ ეკონომიკის სამინისტროს უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2 თვის წინ მიმართა. მთავრობის №685 განკარგულებით, ეს ტერიტორია საპატრიარქოს პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ აღნიშნული ქონება სახელმწიფო საკუთრება იყო. ასევე, მათი განცხადებით, სააგენტომ ქონება დაათვალიერა და  აუთვისებელ, ცარიელ მიწის ნაკვეთს წარმოადგენდა.

 

პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა “ნეტგაზეთს”  განუცხადა, რომ აქ ეკლესიის აშენება იგეგმება. მისივე თქმით, ეკლესიის მშენებლობა პროექტის დამტკიცებისა და ნებართვის მიღების შემდეგ დაიწყება.

თსუს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრები, ლევან ლორთქიფანიძე და ირაკლი კუპრაძე კი ამბობენ, რომ ტერიტორია, სადაც ეკლესია უნდა აშენდეს, თსუს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ფაქტობრივ სარგებლობაშია.

ლორთქიფანიძე ამბობს, რომ აგროვებს დოკუმენტებს, რათა დადგინდეს, რა დროიდან ეკუთვნოდა უნივერსიტეტს ეს ტერიტორია და შემდეგ რის საფუძველზე გაასხვისეს.

“დოკუმენტები რომც ვერ მოვაგროვოთ, ასეთი პოზიცია გვაქვს ჩვენ, რომ  როცა უნივერსიტეტს ეკუთვნის ფაქტობრივ სარგებლობაში ეს ტერიტორია და გაასხვისებ, შეეკითხე მაინც უნივრსიტეტის ადმინისტრაციას. შეიძლება ეს კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ უნდა შეეკითხო უნიევრსიტეტს, რომ მის გვერდით ეკლესია, გაზგასამართი სადგური, ან რაიმე სხვა დაწესებულება შენდება,“- ამბობს ლევან ლორთქიფანიძე “ნეტგაზეთთან”.

მისი თქმით, როგორც გაირკვა, უნივერსიტეტსა და საპატრიარქოს შორის “თბილი” ურთიერთობებია. ის იხსენებს, რომ საპატრიარქოს უნივერსიტეტის ბევრი ქონება გადაეცა, მათ შორის, თსუს პირველი კორპუსის ბაღში მდებარე დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია და მიმდებარე შენობები.

მისი თქმით, უნივერსიტეტის მხრიდან, ამ ქონების გადაცემა კეთილი ნების გამოვლენა იყო და ამაზე საპატრიქროს ასეთი პასუხი სასიამოვნო არ არის.

მიქაელ ბოტკოველმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ამ ტერიტორიაზე ეკლესიის ასაშენებლად საპატრიარქოს უნივერსიტეტთან შეთანხმება არ სჭირდებოდა:

“უნივერსიტეტისთვის ხომ არაფერი წაგვირთმევია. ჩვენ მოქმედი კანონმდებლობა გვაძლევს იმის უფლებას, რომ სახელმწიფოს ვთხოვოთ ეკლესიის მშენებლობისათვის მიწა. ეს სახელმწიფოს სჭირდება ეკლესიები და სახელმწიფოს ძლიერებისთვის არის ეკლესია,“- განაცხადა მან “ნეტგაზეთთან” სატელეფონო საუბრისას.

თუმცა ლევან ლორთქიფანიძე ამბობს, რომ თუკი უნივერსიტეტს განვითარებისათვის შესაბამისი რესურსები გაუჩნდება, ამისთვის საკმარისი სივრცე უკვე აღარ იქნება დარჩენილი.

“ოდესმე ხომ შეიძლება, რომ გაგვიჩნდეს დაფინანსება, ოდესმე ხომ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ეს ინსტიტუტები გაფართოვდნენ და როცა ეს დრო დადგება, ჩვენს ირგვლივ იქნება სასტუმროები, ეკლესიები, რესტორნები, ასე შემდეგ და განვითარების შანსი ჩვენს მიმდებარე ტერიტორიებზე უკვე აღარ დაგვრჩება,“– ამბობს ის.

მისივე თქმით, თუკი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გააქტიურდება, ამ პრობლემის მოგვარება მარტივად არის შესაძლებელი.

“თსუ-ს ადმინისტრაცია იკავებს ძალიან გაურკვეველ პოზიციას, ვერ გადაუწყვეტიათ, რა ქნან,”– ამბობს ლორთქიფანიძე.

ფიზიკის ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორია 13 ივნისის სტიქიის შემდეგ. ადიდებულმა მდინარე ვერემ დააზიანა როგორც ინსტიტუტის ეზო, ასევე შენობის ნაწილიც. ფოტო – თსუს Facebook გვერდიდან
ფიზიკის ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორია 13 ივნისის სტიქიის შემდეგ. ადიდებულმა მდინარე ვერემ დააზიანა როგორც ინსტიტუტის ეზო, ასევე შენობის ნაწილიც. ფოტო – თსუს Facebook გვერდიდან

წერილობით პახუხში, რომელიც უნივერსიტეტიდან ამ საკითხთან დაკავშირებით “ნეტგაზეთმა” მიიღო, აღნიშნულია, რომ ფიზიკის ინსტიტუტის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის საპატრიარქოსთვის გადაცემამ “გაურკვევლობა გამოიწვია”.

“სოციალურ  მედიაში ამ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაცია,”– აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.

 

მათი განმარტებით,  მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის შენობა და მიმდებარე მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრება იყო; გასულ წელს ინსტიტუტის შენობა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი თსუ-ს გადმოეცა, თუმცა, საპატრიარქოსთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი  კვლავ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკუთრებაში დარჩა.

გასულ წელს სტუდენტების პროტესტი გამოიწვია უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ფართობის კერძო კომპანიისთვის გადაცემამ, რომელიც იქ გაზგასამართი სადგურის აშენებას აპირებდა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების სერია მოჰყვა. შედეგად, მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგური აღარ შენდება.

 

მშენებლობის საწინააღმდეგო განცხადება მაშინ თსუს რექტორმა, ლადო პაპავამაც გამოაქვეყნა, სადაც თბილისის მერიასა და საკრებულოს მოუწოდებდა, რომ საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების ინტერესები გაეთვალისწინებინათ. თუმცა, უნივერსიტეტის რექტორს ამჟამად, საპატრიარქოს მიერ ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებით, ასეთი განცხადება არ გაუვრცელებია. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *