გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-60 სხდომაზე იქნა მიღებული, რომელიც 15-18 მაისს ქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა.

  

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასებით, ერთადერთი დეკლარაცია, რომელიც ასამბლეის მუშაობის ფარგლებში იქნა მიღებული, ნატოს გაფართოებას შეეხებოდა და ის მნიშვნელოვანი წარმატება და წინსვლაა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით.

 

“ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში მნიშვნელოვანი პუნქტი ჩაიწერა, რომლის თანახმადაც: ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავრობებსა და პარლამენტებს, განაგრძონ „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ იმპლემენტაციისთვის მხარდაჭერა და ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, როგორც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯი, მიანიჭონ ქვეყანას გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). აღნიშნული ჩანაწერი მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა საქართველოსთვის, რათა გაგრძელდეს ალიანსში ინტეგრაციის პროცესი, რაც ქვეყანას ნატოს სრულფასოვან წევრობამდე მიიყვანს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ასამბლეაზე ქართული დელეგაციის წარმატებულ საქმიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დელეგაციის წევრების ძალისხმევით დეკლარაციაში შეიქმნა ახალი, მე-8 პუნქტი, რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ნატოს გაფართოების პროცესი მესამე ქვეყნის გავლენის ქვეშ ვერ მოექცევა.

 

„ნატოს რიგით მე-60 საპარლამენტო ასამბლეა წარმატებული იყო ჩვენი დელეგაციისთვის და მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს მხარდაჭერისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მნიშვნელოვანი გამოსვლა ასამბლეის წინაშე, რომელსაც დადებითი გამოხმაურება და შედეგები მოჰყვა.

 

აღსანიშნავია, რომ დეკლარაციას მხარი დაუჭირეს ისეთმა ქვეყნებმაც, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი და თითქმის ერთხმად იქნა მიღებული“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას მის ხელმძღვანელთან ერთად პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, გიორგი ბარამიძე და ირაკლი ჩიქოვანი წარმოადგენდნენ

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *