ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომელიც შვეიცარიელ დიპლომატს აწუხებს და დაპირდა, რომ აღნიშნული თემით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდება.
„მე მქონდა ძალიან საინტერესო საუბარი შვეიცარიის ელჩთან, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას, მის წინსვლას, პერსპექტივას და პროგრესს. მაინტერესებდა, რას შეეხებოდა მისი წუხილი და მან ამიხსნა, რომ შვეიცარიელი ბიზნესმენი, რომელსაც ჰყავდა ქართველი პარტნიორები, სავარაუდოდ, ქართველმა პარტნიორებმა მოატყუეს და მისი აღქმით, დავა გაგრძელდა არასამართლიან გარემოში. ელჩს დავპირდი, რომ დღესვე დავავალებ შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ეს საკითხი და თუ რაიმე დანაშაული გამოიკვეთება, ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის პრესამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესი არის და ყოველთვის იქნება ხელშეუხებელი და დაცული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წარმომადგენლების რეაგირებით კმაყოფილია შვეიცარიის ელჩი. როგორც გიუნტერ ბეხლერმა განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილთან საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით პროდუქტიული დისკუსია ჰქონდა.
„ვფიქრობ, შევთანხმდით ბევრ საკითხზე მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მიმართულებით და როგორ დავუჭიროთ მხარი ამას. ჩვენ ვისაუბრეთ აუდიტის და საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებულ ცალკეულ საჭირბოროტო საკითხებზე, ასევე ერთმანეთს გავუზიარეთ კონკრეტული საქმეები. მე დავინახე პრემიერ-მინისტრის და მთელი მთავრობის პოზიტიური რეაქცია. ჩვენ ეს საქმეები შესაბამის უწყებებთანაც განვიხილეთ. მოველით ინსტიტუციების შესაძლებლობების განვითარებას და შვეიცარია, რა თქმა უნდა, მხარდაჭერისთვის ყოველთვის მზად არის“, – განაცხადა გიუნტერ ბეხლერმა.
შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი 23 აპრილს ევროპასთან ინტეგრაციის და აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს, თინა ხიდაშელსა და გიგლა აგულაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ელჩის ერთ-ერთი საგაზეთო ინტერვიუ, სადაც ბეხლერი რეგიონებში შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს უცხოელი ინვესტორების საწინააღმდეგოდ.
