ალექსანდრე ლუკაშენკომ დღესვე, ვიზიტის ფარგლებში, შვილთან ერთად ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლუკაშენკოსთან ერთად ვაკის პარკში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს ეროვნული საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და ბელორუსის რესპუბლიკის დელეგაცია იმყოფებოდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ განაცხადა, რომ საქართველოსა და ბელორუსის მთავრობებს შორის მრავალი შემთანხმება გაფორმდება.
“ჩვენ ვაფასებთ ბელორუსის თანადგომას საქართველოს მიმართ ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით. რაც შეეხება უშუალოდ ვიზიტს, ბელორუსის სახელმწიფოსთან ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენი ქვეყნების მთავრობებს შორის გაფორმდება მრავალი შეთანხმება, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოსა და ბელორუსს შორის ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანას,“ – განაცხადა დავით პატარაიამ.
ბელორუსის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე–პრემიერი, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, მრეწველობის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ხვალ, 23 აპრილს პრეზიდენტის სასახლეში ალექსანდრე ლუკაშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდება.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ლუკაშენკო ილია მეორეს, საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს შეხვდება. 24 აპრილს საქართველოსა და ბელორუსის პრეზიდენტები ბათუმს ეწვევიან.
ალექსანდრე ლუკაშენკო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 24 აპრილს დატოვებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ბელორუსის პრეზიდენტი საქართველოში გიორგი მარგველაშვილმა გასულ წელს მოიწვია. სახელმწიფო ვიზიტზე მუშაობა კი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

