“სიამოვნებით, თუკი დაჭირდებათ, რატომაც არა, სიამოვნებით ვითანამშრომლებ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც იური ვაზაგაშვილის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პროკურატურასთან თანამშრომლობას უკავშირდებოდა. სწორედ დღეს, 23 იანვარს, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე იგი იური ვაზაგაშვილს შეხვდა.
“მე მქონდა შეხვედრა ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე ბატონ იურისთან, მქონდა ძალიან ხანგრძლივი შეხვედრა და დაგეგმილი გვქონდა შემდეგ შეხვედრა. ჩვენ გვქონდა ასეთი გეგმა, რომ სანამ გამოძიება არ დასრულდებოდა, მაქსიმალურად მის გვერდით დავდგებოდი, რომ ყოველგვარი ეჭვი გაქარწყლებულიყო იმისა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯებოდა. თვითონ იურიმ დაწვრილებით მომიყვა და გავეცანი მეც, როგორც მიმდინარეობდა, [საქმე] დასასრულისკენ შედიოდა გამოძიება, როგორც თვითონ ამბობდა. ძალიან გახარებული იყო, რომ ახალი მოწმეები გამოჩნდნენ უკრაინიდან, რომლბიც ამყარებდა გამოძიების ეჭვებს. პრაქტიკულად ვიზეც ეჭვი ჰქონდა ბატონ იურის, ყველანი ხვდებოდნენ პასუხისმგებლობის ქვეშ. მუქარებიც იყო, როგორც თვითონ მითხრა, გამოძიებამ იცის ამის შესახებ”,- განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა რომ ბიძინა ივანიშვილისა და იური ვაზაგაშვილის შეხვედრის დადასტურების შემთხვევაში, ყოფილი პრემიერი პროკურატურას უნდა დაეკითხა.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით [რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში] დაიწყო.
2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობს, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს.
მაშინდელი გამოძიების ცნობით, სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები დაიღუპნენ, რასაც მაშინვე მოჰყვა საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა უდანაშაულო ახალგაზრდები მოკლეს.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მისი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით 2013 წელს იუსტიციის სახლის წინ აქციაც გაიმართა.
