“მე მქონდა შეხვედრა ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე ბატონ იურისთან, მქონდა ძალიან ხანგრძლივი შეხვედრა და დაგეგმილი გვქონდა შემდეგ შეხვედრა. ჩვენ გვქონდა ასეთი გეგმა, რომ სანამ გამოძიება არ დასრულდებოდა, მაქსიმალურად მის გვერდით დავდგებოდი, რომ ყოველგვარი ეჭვი გაქარწყლებულიყო იმისა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯებოდა. თვითონ იურიმ დაწვრილებით მომიყვა და გავეცანი მეც, როგორც მიმდინარეობდა, [საქმე] დასასრულისკენ შედიოდა გამოძიება, როგორც თვითონ ამბობდა. ძალაინ გახარებული იყო, რომ ახალი მოწმეები გამოჩნდნენ უკრაინიდან, რომლბიც ამყარებდა გამოძიების ეჭვებს. პრაქტიკულად ვიზეც ეჭვი ჰქონდა ბატონ იურის, ყველანი ხვდებოდნენ პასუხისმგებლობის ქვეშ. მუქარებიც იყო, როგორც თვითონ მითხრა, გამოძიებამ იცის ამის შესახებ. მიზანი ალბათ იყო მოწმეების დაშინება და მეორე ვერსია, რომ ამ ჯგუფს იმედი აქვს ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ, შიში და ნიჰილიზმი, რომ მათ მოახერხონ თავის გადარჩენა. ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ ვერავინ ვერ შეძლებს ამას და ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო, მკაცრად აგებს პასუხს”,- განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით [რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში] დაიწყო.

 

2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობს, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს.

 

მაშინდელი გამოძიების ცნობით, სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები დაიღუპნენ, რასაც მაშინვე მოჰყვა საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა უდანაშაულო ახალგაზრდები მოკლეს.

 

ზურაბ ვაზაგაშვილის მამა  იური ვაზაგაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მისი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით 2013 წელს იუსტიციის სახლის წინ აქციაც გაიმართა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *