როგორც მოსიაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, ეს მოწმე მზადაა სასამართლოს ჩვენება მისცეს, თუმცა, ადვოკატის თქმით, იმ გარემობების გათვალისიწნებით, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იური ვაზაგაშვილს საქმეში ახალი მოწმე ჰყავდა, გუშინ მეორე არხის საგამოძიებო ჟურნალისტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ლია ტოკლიკიშვილმა გაავრცელა:
“იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ააფეთქეს. ნახევარი საათით ადრე გვესაუბრა. დღეს – საღამოს 8 საათზე უნდა შევხვედროდით. უნდა ჩაგვეწერა მოწმე, რომელსაც, ბატონი იურის თქმით, თავის დროზე გამოძიებამ ფიზიკური ზეწოლით მიაცემინა ჩვენება ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის წინააღმდეგ. მოწმის ვინაობა არ გაგვიმხილა. სიკვდილამდე ნახევარი საათით ადრე ისევ გვითხრა, რომ მოწმე თანახმა იყო ჩაწერაზე. სამუდამოდ დამალული დარჩება ამ მოწმის ვინაობა, ჟურნალისტურ გამოძიებას კი აუცილებლად გავაკეთებთ და ის ორშაბათს გავა მეორე არხის ეთერში”, – დაწერა ტოკლიკიშვილმა ფეისბუკზე.
ჟურნალისტმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ზემოხსენებულ მოწმესთან ინტერვიუ სავარაუდოდ სკაიპის მეშვეობით უნდა შემდგარიყო. ამასთან, ტოკლიკიშვილისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ვაზაგაშვილის “ოქროს მოწმე” არც მოქმედი და არც ყოფილი პოლიციელი არ არის. ადვოკატიც და ჟურნალისტიც აცხადებენ, რომ ეს მოწმე არ არის ბონდო ფუთურიძე, რომელიც სპეოპერაციის დროს დაცხრილულ მანქანაში ზურაბ ვაზაგაშვილთან და ხუბულოვთან ერთად იჯდა. იგი მანქანაში მყოფთაგან ერთადერთი გადარჩენილია. 2006 წელს მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. სწორედ მან მისცა თავის დროზე ჩვენება იმის თაობაზე, რომ ვაზაგაშვილი და ხუბულოვი საყაჩაღოდ მიდიოდნენ იარაღით, თუმცა 2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ფუთურიძემ განაცხადა, რომ ის ჩვენება ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.
გაგი მოსიაშვილის ინფორმაციით, ბოლო 6 თვის განმავლობაში ზურაბ ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის საქმის გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობდა და მას აქვს მოლოდინი, რომ უახლოეს ხანებში გაირკვევა, რა მოხდა კორტებთან 2006 წელს.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით [რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში] დაიწყო.
2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობს, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს.
მაშინდელი გამოძიების ცნობით, სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები დაიღუპნენ, რასაც მაშინვე მოჰყვა საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა უდანაშაულო ახალგაზრდები მოკლეს.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მისი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით 2013 წელს იუსტიციის სახლის წინ აქციაც გაიმართა.
