პარლამენტთან შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მოშიმშილე ორი ადამიანი შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ აქციის მონაწილეებს ერთ-ერთმა მათგანმა, ბექა ბასილაიამ განუცხადა. ისინი 19 დღის მანძილზე შიმშილობდნენ.
ბასილაიას თქმით, პროტესტის ამ ფორმის შეწყვეტის მიზეზი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაა.
“ჩვენ თავიდანვე გვქონდა გაცხადებული, რომ ვიშიმშილებდით, სანამ ჩვენი მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს არ მიუახლოვდებოდა. არ შეგეშინდეთ, მხნედ ვართ. უბრალოდ, ამ ეტაპზე, ჩვენ შევწყვეტთ შიმშილობას, გადავალთ სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ გპირდებით, რომ ხვალ უკვე აქციაზე ვიქნებით თქვენთან ერთად”, – მიმართა მან შეკრებილებს.
თავდაპირველად, შიმშილობის აქციაში 7 ადამიანი ჩაერთო, თუმცა დროთა განმავლობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მათმა რიცხვმა იკლო.
განცხადებები დღეს, 13 ივლისს, რუსთაველის გამზირზე გაკეთდა, სადაც 24-ე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტების თქმით, გამოსვლებს არ შეწყვეტენ, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ გადაგება. სწორედ მას აკისრებენ პროტესტის მონაწილეები პასუხისმგებლობას 20 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებზე.
