პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მინისტრმა გიორგი გახარიამ არ დაუშვა ის, რომ 20 ივნისს ქვეყანაში მოვლენები ძალადობრივი გზით განვითარებულიყო.
დღეს, 25 ივნისს, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას არჩილ თალაკვაძემ 20 ივნისს მომხდარ მოვლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ძალადობრივი შეტევა მიმდინარეობდა პოლიციელებზე.
“შინაგან საქმეთა მინისტრმა და სამინისტრომ შეასრულა თავისი კანონისმიერი მოვალეობა და არ დაუშვა ერთი მხრივ, არეულობა, მეორე მხრივ კი ის, რომ ქვეყანაში პროცესები ძალადობრივი გზით განვითარებულიყო. ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო, სამწუხაროდ, ამის ფასი ისევ ჩვენმა მოქალაქეებმა, ახალგაზრდებმა და პოლიციელებმა მათ შორის, გადაიხადეს. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მოვახდინეთ რეაგირება. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ამ რეაგირების ფარგლებში, პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პასუხი აგონ იმ ადამიანებმა, ვინც ამ არეულობის წამქეზებლები და ორგანიზატორები იყვნენ. რეალურად იყო შეტევა პოლიციელებზე, შემდეგ რაც მოხდა, ეს იყო პასუხი ამ ორსაათიან ძალადობრივ შეტევაზე, რომელიც კონკრეტულად ერთმა ჯგუფმა მაღალი ალბათობით დააორგანიზა”, – განაცხადა თალაკვაძემ.
