ირაკლი ღარიბაშვილი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს შეხვდა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. სერგეენკოს განმარტებით, მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვით მომავალი წლიდან საქართველოში დაიწყება პროგრამა და C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი “სოფუსბუვირი” ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვა, რაც საქართველოში მცხოვრები პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
„საქართველოში მომავალ წელს დაიწყება უპრეცედენტო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც პრაქტიკულად აღმოიფხვრება C ჰეპატიტის დაავადება. ეს არის დიდი მიღწევა ჩვენი მთავრობის და პირადად ბატონი დავით სერგეენკოსი. მთავარი მოტივაცია, რამაც აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა ამერიკული მხარე, არის ის რეფორმები, რომელიც ჩვენმა მთავრობამ განახორციელა. ეს არის უნივერსალური დაზღვევის პროგრამა, C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ათასობით პაციენტს ვუმკურნალეთ, მათ შორის -1000 პატიმარს. ეს არის რეალური რეფორმა, რომელსაც 2 წელიწადში მივაღწიეთ და ამაში მილიონობით ლარია დახარჯული,“–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
