“არ შემიძლია არ გავიხსენო, დღეს 7 ნოემბერია და შეუძლებელია მართლაც დაგვავიწყდეს ეს თარიღი. ეს არის სისხლიანი თარიღი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს უახლოეს ისტორიაში. მაშინდელმა ხელისუფლებამ უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე: სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები, საკუთარი მოქალაქეები და ფეხქვეშ გათელა მათი პიროვნული ღირსება და დემოკრატიული სახელნწიფოს პრინციპები. ეს არის თარიღი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ყოფილ ხელისუფლებას, “ნაციონალურ მოძრაობას” არასდროს არ აპატიებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრმა, ასევე, გაიხსენა 7 ნოემბერს ტელეკომპანია “იმედში” განვითარებული მოვლენები:

 

“მინდა გავიხსენო 7 ნოემბერს დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში, “იმედში” შეჭრა და თავისუფალი სიტყვის ჩახშობა ძალადობრივი გზით, ეს იყო მაშინდელი რეჟიმის გამოხატულება. შედგომ განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხალხი, თავისუფლების მოყვარე ხალხი არასდროს შეეგუება ღირსების შელახვას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


2014 წლის ივლისში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბერის მიტინგის დარბევისა და ტელეკომპანია “იმედში” შეჭრის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის ბრალი წაუყენა მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მაშინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილსა და თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო განხილვები დასრულებული არ არის, შესაბამისად, ამ პირთა ბრალეულობა სასამართლოს მიერ ჯერ დადასტურებული არ არის.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *