ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ისინი აპირებენ თანამშრომლობის გაგრძელებას ევროკაშირთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, მათ შორის პარლამენტშიც. ყოფილი მინისტრის თქმით,”თავისუფალი დემოკრატების” წევრი პარლამენტის კომიტეტების წევრები არ აპირებენ გადადგომას.

 

“არც ერთ შემთხვევაში. რომ არ იქნას აღქმული ისე, როგორც ეს იყო დღის განმავლობაში არასწორად, თითქოს “თავისუფალი დემოკრატები” ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენენ საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე, მართლაც ღიმილის მომგვრელია. თავისუფალი დემოკრატების კომიტეტების ყველა თავმჯდომარე აგრძელებს მუშაობას შეუფერხებლად და ყველაფერს გააკეთებს სხვაზე უფრო მეტად კვალიფიციურად”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

 

ალექსი პეტრიაშვილმა ხაზი გასუვა “თავისუფალი დემოკრატების” რესპუბლიკურ პარტიასთან თანამშრომლობას. 

 

“რესპუბლიკელები არიან ჩვენი ტრადიციული პარტნიორები, ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს, ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს აბსოლუტური თანხვედრა და გავაგრძელებთ მომავალშიც აქტიურ პარტნიორულ თანამშრომლობას. პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება და ეს პოლიტკური ცხოვრება მომავალში კიდევ გამოაჩენს ცალკეულ პარტნიორებთან, განსაკუთრებით ვგულისხმობ,რესპუბლიკურ პარტიას, გადაკვეთის წერტილებს”, – ამბობს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი.

 

კოალიცია “ქართული ოცნება” 2012 წლის 21 თებერვალს, მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ღიად გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი, დააფუძნა ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ, ესენია: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, “რესპუბლიკური პარტია”, “თავისუფალი დემოკრატები” და “ეროვნული ფორუმი”.

 

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა კოალიცია “ქართული ოცნება”. მას შემდეგ პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებმა სამი სამინისტრო ჩაიბარეს. კერძოდ, იუსტიციის მინისტრად დაინიშნა თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრად- ირაკლი ალასანია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე- ალექსი პეტრიაშვილი. თუმცა იმავდროულად წულუკიანმა პარტიის წევრობა შეიჩერა, ხოლო ალასანიამ პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

 

საქართველოს პარლამენტში “თავისუფალ დემოკრატებს” აქვთ 10-წევრიანი ფრაქცია, რომლის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები: ვიქტორ დოლიძე, დავით ონოფრიშვილი, ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ჩიქოვანი, ნინო გოგუაძე, გედევან ფოფხაძე, თამაზ ჯაფარიძე, გიორგი ცაგარეიშვილი, გელა სამხარაული, თამაზ შიოშვილი. სამი მათგანი არის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, კერძოდ, დოლიძე ხელმძღვანელობს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, ცაგარეიშვილი – გარემოს დაცვის კომიტეტს, ხოლო ონოფრიშვილი – საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტს. 

 

8 ნოემბერს “თავისუფალი დემოკრატები” მართავენ ყრილობას, სადაც დაგეგმილია ირაკლი ალასანიას დაბრუნება პარტიის თავმჯდომარის პოსტზე.

 

ალექსი პეტრიაშვილი
ალექსი პეტრიაშვილი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *