“პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა დაასრულა მუშაობა 2005 წლის 14 ივლისს ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით და მოამზადა დასკვნა. საქმის შესწავლის პროცესში უცხოელ სპეციალისტებს პროკურატურის მიერ მიეწოდათ საგამოძიებო მასალები, მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები. აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ საქმეზე მომზადდა წინასწარი დასკვნა, რომლის თახმადაც გამოძიების მიერ მოპოვეული მტკიცებულებები და მასალები სამართლებრივად და ფაქტობრივად საკმარისია იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიმართ გაგრძელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა ვალერი გელაშვილის მიმართ 2005 წლის 14 ივლისს განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით და საქმე წარმართულ იქნას სასამართლოში”, – განაცხადეს პროკურატურაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.
მრჩეველთა ჯგუფში, რომელიც საქართველოში პროკურატურის მოწვევით ჩამოვიდა, იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი პოლ კაფი შედიან.
პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნა გასაჯაროვდება და როგორც ორიგინალის, ასევე ქართული ვერსიის ნახვა შესაძლებელი იქნება მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე.
