კომისიის სხდომაში პრემიერ-მინისტრის გარდა სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები მონაწილეობენ, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რომლის თქმითაც, კოორდინირებული მუშაობა ამ პრობლემის ეფექტურად მართვის შესაძლებლობას გაზრდის:
“ჯანდაცვის სამინისტროში უკვე წლებია არსებობს ოჯახური ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სპეციალური დეპარტამენტი, ჩვენ მთელი ეს პერიოდი, რა თქმა უნდა, მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დღევანდელი შეხვედრის მთავარი ამოცანაა ის საქმიანობა, რასაც სახელმწიფო უწყებები ახორციელებენ, უკვე იყოს კოორდინირებული პრემიერის მიერ, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია და მეტ შესაძლებლობას მოგვცემს უფრო ეფექტურად ვმართოთ ეს საკითხები”,- განაცხადა სერგეენკომ.
უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც ძალადობის პრობლემატიკაზე, მათ შორის ოჯახში ძალადობის თემებზე იმუშავებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში იქნება. ჯგუფის შემადგენლობაში იუსტიციის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკის, სასჯელაღსრულების, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები შედიან, პრემიერის პრესამსახურის ინფორმაციით, მომდევნო ეტაპზე – საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.
დღეს პარლამენტშიც გაიმართება ოჯახში ძალადობის შესახებ საკომიტეტო მოსმენა, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საკომიტეტო მოსმენას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დაესწრებიან.
ძალადობის პრევენციის საერთო ეროვნულ სტრატეგიის პრეზენტაცია 24 ოქტომბერს გაიმართება.
