“ოპერაციას პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა. დღეს დილით, 07:00 საათზე მინისტრმა დამირეკა და მითხრა, რომ დაკავებულები იყვნენ გამტაცებლები. ეს არის პირდაპირ “ნაციონალური მოძრაობის” სახე და ხელწერა, ეს ადამიანები, ეს კრიმინალები მუშაობდნენ სოდში და კუდში, რომლებიც მე გავყარე, როცა მინისტრად დავინიშნე 2 წლის წინ. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, ვის ხელში იყო საქართველო. ასეთი კრიმინალების, გამტაცებლების, მკვლელების და ყაჩაღების ხელში იყო მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო და ესენი მართავდნენ სახელმწიფოს. გასარკვევია, ვინ დგას ამის უკან და სამინისტრო და მინისტრი ამის გარკვევაზე მუშაობენ. ეს შემთხვევითი არ არის. მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამის უკან დგას ორგანიზებული ძალა.

 

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება სჭირდება. ეს არის ის, რაზეც ალექსანდრე ჭიკაიძე საუბრობდა სულ რაღაც ერთი თვის წინ, რომ ეს არის ორგანიზებული ჯგუფი. იგივე თქვენ ნახეთ აქციების ორგანიზება. 9 წლის განმავლობაში ეს ადამიანები იყვნენ ხელისუფლებაში, მათ ჰქონდათ დრო ყველა ის პრობლემა, რომელიც საზოგადოებას აწუხებდა და აწუხებს დღესაც, მოეგვარებინათ. ჩვენ ვნახეთ ფოთში აქციები, თბილისში ლოტკინზე აქციები, ეს არის ორგანიზებული, ის, რაზეც ისაუბრა ბატონმა ჭიკაიძემ.  მინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ის ადამიანები, ვინც დგას მათ უკან და ვის ბინძურ თავშიც იხარშება ეს სისასტიკე, რომელიც იგეგმებოდა წლების განმავლობაში, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ხურჩის ტერაქტი, ისინი, ვინც აუპატიურებდნენ და აწამებდნენ ადამიანებს პოლიციაში, ციხეებში, იტაცებდნენ და კლავდნენ ადამიანებს. მინდა, მათ საბოლოო გაფრთხილება მივცე – გონს მოეგონ, ეს არის ბოლო გაფრთხილება, თუ ისინი სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ რამეს დაგეგმავენ, უმკაცრესად დაისჯებიან”,- განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

12 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდის) თანამშრომელი დურმიშხან ღვარჩლიანი და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) თანამშრომლები -ჯემალ შონია, ალექსანდრე ჭანტურია და გიორგი ქალდანი ანგარებით ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდბის ფაქტზე დააკავა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *