ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი და უწყების ყველა თანამშრომელი მაქსიმალურად მოტივირებულია და პოლიცია 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რაც ფასდაუდებელი შრომაა.
„მინდა, მწუხარება გამოვთქვა ყველა იმ ოჯახის მიმართ, ვინც ოჯახის წევრები დაკარგა, მაგრამ ყველა ცივილიზებულ და ჩვენზე მეტად განვითარებულ ქვეყანაში ხდება დანაშაული. ეს არის ჩვენი ოპონენტების მიერ აწეული უსუსური მცდელობა, წარმოაჩინონ ისე, თითქოს სახელმწიფო ვერ ან არ ებრძვის კრიმინალს ეფექტურად. ისინი ცდილობენ, საზოგადოებაში გააჩინონ განცდა, რომ გაუარესებულია კრიმინოგენული ვითარება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.
მისი განმარტებით, ხელისუფლებამ დაიწყო უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ, იმ ფონზე, როდესაც ამნისტიით გაათავისუფლა 17 ათასი პატიმარი. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, მათი ბედი აბსოლუტურად გაურკვეველი იყო, ისინი იყვნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.
„ჩვენ მათ მივეცით რესოციალიზაციის და რეინტეგრაციის შანსი. ბევრმა მათგანმა ეს დააფასა, ხოლო ვინც ვერ დააფასა, გიორგი მღებრიშვილის უწყებაში არიან მოკალათებული.”
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ალექსანდრე ჭიკაიძის უწყებამ შეიმუშავა პრევენციულ ღონისძიებათა კომპლექსური გეგმა და მისი დავალებით მაქსიმალურად გამკაცრდება ბრძოლა იარაღის უკანონოდ ტარებასთან დაკავშირებით.
„ყველაზე ადვილია კანონდარღვევა და ძალადობა, მაგრამ ის საქმიანობა, რასაც ბატონი ჭიკაიძე აწარმოებს, დასაფასებელია. ისინი 24 საათის განმავლობაში ებრძვიან კრიმინალს და ამავდროულად ცდილობენ, არ დაარღვიონ ადამიანის უფლებები. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად გაამკაცროთ ბრძოლა აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ. ვიცი, რომ გაქვთ კონკრეტული გეგმა და ამას ეფექტურად გაართმევთ თავს”, – მიმართა პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრს.
