ვის აზარალებს ის პროცესი, რომელიც პრეზიდენტსა  და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის უკანასკნელი რამდენიმე თვეა ვითარდება? – ნეტგაზეთის შეკითხვებს არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი პასუხობს:

 

როგორც ირკვევა, გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური  სტატუსით პარლამენტში არ მიუწევევიათ, მაია ფანჯიკიძემ 17 ივლისს განაცხადა, რომ იურიდიულად პრეზიდენტის იქ ყოფნა აუცილებელი არ იყო, ხოლო ეკა ბესლიას თქმით, პარლამენტის სხდომათა დარბაზი ყველას ვერ დაიტევს. როგორ ფიქრობთ, მარგველაშვილის ირგვლივ განვითარებული ეს პროცესები ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტს ხომ არ აზარალებს?

 

ჩემი აზრით, ეს არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს, არამედ ზოგადად ქვეყანას აზარალებს, იმიტომ, რომ აღმასრულებელ, საკანონმდებლო ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის გამიჯნული კომპეტენციები კონსტიტუციითა გაწერილი და ძალიან ნათელია, თუ ვინ რაზეა პასუხისმგებელი. როდესაც ცალკეულ შემთხვევებში ამის იგნორირება, ან ერთმანეთის უფლებამოსილებაში შეჭრა ხდება, ეს პროცესის მიტაცებას უფრო ჰგავს, ვიდრე ცივილურ ურთიერთობას ინსტიტუტებს შორის – რამდენიმე ფაქტი ვიცით უკვე, როდესაც მიდიოდა მუშაობა, რომ პრემიერის კომპტენციაში გადავიდეს ის საკითხები, რაზეც პრეზიდენტია პასუხისმგებელი, თან ეს პრეზიდენტთან კონსულტაციების გარეშე ხდება. ასე რომ, ეს არ არის თემა, რომელიც მხოლოდ გიორგი მარგველაშვილს აზარალებს, ეს არის საკითხი, რომელმაც სახელმწიფო შეიძლება დააზარლოს. ეს პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის კონსტიტუციას  და ასეთი ურთიერთდამოკიდებულება ჯანსაღ გარემოს არ ქმნის პოლიტიკურ სივრცეში, იწვევს გაუგებარობას და ბევრ კომიკურ სიტუციას.

 

თქვენ თქვით, რომ ქვეყანასაც აზარალებს ეს პროცესი, თუ შეიძლება, უფრო რომ განვავრცოთ ეს თემა, რას გულისხმობთ ქვეყნის დაზარალებაში?


თუ პრეზიდენტი თვლის, რომ რაღაც საკითხებზე მას მთავრობისგან, საპარლამენტო უმრავლესობისაგან განსხვავებული ხედვა გააჩნია,  მე ვფიქრობ, რომ მან თავისი პოზიციების დაფიქსირება უფრო თამამად უნდა დაიწყოს. გასაგებია, რომ მარგველაშვილის ყოფნა საპრეზიდენტო სავარძელში, ისევე როგორც დღევანდელი ხელისუფლების ყოფნა მინისტრთა კაბინეტში, ერთი ადამიანის ძალისხმევამ განაპირობა, რომელიც უკვე ყოფილი  პრემიერია და რაიმე ტიპის მმართველობითი ფუნქციის ოფიციალური სტატუსის მატარებელი არ არის. მაგრამ, მეორე მხრივ, ალბათ მნიშვნელოვანია, რომ  პრეზიდენტმა ამ ჩრდილიდან გამოსვლა სცადოს. ჩვენ ვიცით ყოფილი პრემიერის [ბიძინა ივანიშვილი] განცხადება, რომ ის იმედგაცრუებული იყო მარგველაშვილით, რაც ალბათ სწორედ იმან გამოიწვია, რომ მან სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციების დაფიქსირება დაიწყო. ახლა არ არის უკან ნაბიჯის გადადგმის დრო, რადგან ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით იკვეთებოდა კომიკური ვითარება, ჩანდა, რომ პრეზიდენტს და მთავრობას კომუნიკაცია მედიის საშუალებით ჰქონდათ, მათ შორის, როდესაც უცხოელი სტუმრები იმყოფებოდნენ საქართველოში, პრეზიდენტის საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით, ასევე ყველას გვახსოვს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის თემა. მნიშვნელოვანი იქნება, რომ მათ შორის პირადადაც არსებობდეს რაღაც ტიპის კომუნიკაცია, რადგან კომიკური სიტუაციები აღარ შეიქმნას. მეორე მხრივ, თუ პრეზიდენტს ცალკეულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები აქვს, მან უნდა დაიწყოს ამ პოზიციების დაფიქსირება. დემოკრატიისთვის ასე აჯობებს. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ მან იმაზე მეტი გააკეთო, ვიდრე ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებითაა გაწერილი, ლაპარაკია იმაზე, რომ გააკეთოს ის, რაც კანონით მასზეა დაკისრებული.

 

პრეზიდენტის  ნაბიჯი, როდესაც იგი პარლამენტში ჩავიდა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ირკვევა, ზოგიერთი ადამიანი  მას იქ არ ელოდებოდა, არის თუ არა ის, რაზეც თქვენ საუბრობთ?

 

რა თქმა უნდა, მე არ ვუბიძგებ პრეზიდენტს იქითკენ, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით კრიტიკული იყოს და განსხვავებული მოსაზრებები აფიქსიროს, მაგრამ რაზეც პრეზიდენტი საჭიროდ ჩათვლის, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით უფრო თამამად უნდა გამოდიოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიღაცამ შეიძლება მთავრობასთან დაპირისპირებად აღიქვას. დემოკრატიისა და ცალკეული საკითხების ადვოკატირებისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტს აქვს საკანონმდებლო ვეტოს უფლება და შეიძლება ამ ტიპის განსხვავებულმა აზრმა უფრო კარგად წარმოაჩინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი.  ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები იძულებული იქნებიან, რომ პრეზიდენტთან ჯანსაღი და ნორმალური კომუნიკაცია ჰქონდეთ.

 

თქვენი აზრით, რა როლი აქვს ამ პროცესში ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ მარგველაშვილით იმედგაცრუებულია. სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ის ურთიერთობა, რომელიც მარგველაშვილს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დღეს აქვს…

 

[მთავრობის შიგნით] გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩრდილოვანი გავლენა გარკვეულწილად არსებობს, მაგრამ ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა საკითხზე აქვთ კომუნიკაცია ყოფილ პრემიერთან. ფაქტია, რომ ის დაძაბულობა თვალსაჩინო მას შემდეგ გახდა, რაც ექსპრემიერმა ერთ-ერთ გადაცემაში თავის უკმაყოფილებაზე ღიად ისაუბრა. ეს თუ დამთხვევაა, ძალიან უცნაური დამთხვევაა, ხოლო თუ ასე არ არის, მაშინ  მინიმუმ იმის მაპროვოცირებელი იყო, რომ ყველა მნიშვნელოვან და ახლა უკვე ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც კი, როგორიც არის: უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი ამა თუ იმ მიღებაზე, ფორუმზე და ასე შემდეგ, იკვეთება სიტუაცია, რომ უმრავლესობის ან მთავრობის მხრიდან პრეზიდენტის ინსტიტუციის იგნირირების მცდელობას აქვს ადგილი.

 

ექსპრემიერის ზემოხსენებული განცხადების შემდეგ, როდესაც ასეთი თემები დაგროვდა და მედიით დაიწყო ამ საკითხებზე საუბარი, პრეზიდენტი მარგველაშილი და პრემიერი ღარიბაშვილი ერთად იმყოფებოდნენ რესტორანში, სადაც ისადილეს და ამის ამსხველი ფოტომასალაც გავრცელდა, თუმცა,  მიუხედავად ამ ერთგვარი “შერიგების აქტისა”, მაინც განვითარდა ის კონფლიქტური პროცესი, რაც ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმომწერი თანამდბეობის პირის დადგენას უკავშირდებოდა, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი?

 

ეს პრობლემა ვერ გადაწყდება იმიტომ, რომ რესტორანში ის სადილობის თემა ალბათ პიარაქცია უფრო იყო. იქ რომ დამთავრებულიყო ეს დაპირისპირება და ურთიერთობა სხვა ფორმებში გადასულიყო, ვიტყოდით, რომ პრობლემა ამოწურულია, მაგრამ ამის შემდეგ გაუგებრობის კიდევ არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის ძალიან ტექნიკურ საკითხებთზეც კი. შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს გაგრძელდება მანამ, სანამ პრეზიდენტია თავის უფლებამოსილების ფარგლებში, ან ეს მთავრობაა თავის უფლებამოსილების ვადებში, თუ ეს პროცესი რაიმე ტიპის პოლიტიკურ შეთანხმებამდე არ მივიდა. თუ ეს მართლაც გამოწვეულია ყოფილი პრემიერის უკმაყოფილებით პრეზიდენტის მიმართ, გამოდის, რომ ექსპრემიერის განწყობა უნდა შეიცვალოს.

ზვიად დევდარიანი
ზვიად დევდარიანი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *