რა მიზნით იმყოფებოდით აზერბაიჯანში?

 

მე და ზურაბ ჯაფარიძე არ ვყოფილვართ მარტო. ასევე იყვნენ მიხეილ მაჭავარიანი და პეტრე ცისკარიშვილი. მათ აქვთ ძალიან ახლო და დიდი ხნის ურთიერთობები აზერბაიჯანში თავიანთ კოლეგებთან, მათ შორის მმართველ პარტიასთან. მათ ჰქონდათ გარკვეული წუხილი, ჩვენი მთავრობის განცხადებებიდან გამომდინარე, რომ მარნეულში და გარდაბანში ეთნიკური პრობლემები არსებობს.

 

ეს იყო მეგობრული, არაოფიციალური ვიზიტი. ჩვენ ამ თემებზე ვილაპარაკეთ მხოლოდ და მხოლოდ მეგობრულად, ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით. ჩვენ მათ ავუხსენით, რომ არანაირი მსგავსი პრობლემები საქართველოში არ არსებობს. მათ თქვეს, რომ კარგი ურთიერთობები აქვთ მთავრობასთან და ამ თემებზე მათთანაც საუბრობენ. ეს იყო სულ. ჩვენ ვიყავით ერთი დღით ჩასული.

 

რა მოხდა აეროპორტში? რომელ საათზე მიხვედით და რა სიტუაცია იყო?

 

მე და ზურაბ ჯაფარიძე ვცხოვრობდით ცალკე სასტუმროში, ამიტომ ჩვენ მივედით ცალკე. ბატონი მიხეილი და პეტრე ცისკარიშვილი მივიდნენ ცალკე. როცა გავიარეთ შემოწმება, გამოფრენამდე 40 წუთით ადრე მივედით, რადგან ბაქოში იყო ფრენა, ვიფიქრეთ, რომ დიდი დრო არ დაგვჭირდებოდა. ერთ-ერთმა მესაზღვრემ თუ მებაჟემ, არ ვიცი რომელი იყო, დაიწყო ზურას ძალიან დეტალური შემოწმება. ახლა მოვისმინე, რომ სად გაგიგონიათ, მებაჟე ამოწმებდეს დიპლომატიურ პასპორტს… ეს არის უსინდისო სპეკულაცია თუნდაც სესიაშვილის მხრიდან. მე პირადად მქონია შემთხვევა, როდესაც მივფრინავდი ამერიკაში და გამაჩერა მესაზღვრემ. მივფრინავდი პრეზიდენტთან ერთად დელეგაციაში. გამაჩერეს და საათნახევარი მიმდინარეობდა ჩემი შემოწმება. მთლიანად შეამოწმეს ჩემი ბარგი. ამიტომ ჩემთვის ეს პირველი შემთხვევა არ იყო. კარგად იცით, რომ ხანდახან მესაზღვრეს უჩნდება ეჭვი და შეიძლება სულ არ დაგისაბუთონ და ისე დაიწყონ შემოწმება.

 

მე უკვე გასული ვიყავი, გავლილი მქონდა შემოწმება და ვიდექი საზღვართან, მათ უნდა ჩაერტყათ შტამპი და უნდა გადამელახა საზღვარი და ჩავმჯდარიყავი.

 

რომ დავინახე ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც იყო გაჩერებული. ვიცოდი, რომ ტელეფონი ჰქონდა დამჯდარი, შევტრიალდი უკან და მივედი ზურასთან. მერე ორივეს გამოგვართვეს პასპორტები და 20-დან 40 წუთის განმავლობაში გაგვაჩერეს.

 

რა ტიპის გამოკითხვა იყო, რას გეკითხებოდნენ?

 

პასპორტები წაიღეს და მერე მოგვიტანეს. კი გვეუბნებოდნენ, ბოდიშს ვიხდით, რომ გაფერხებთ. ზურა კი აპროტესტებდა, გაგვიშვით, გვაგვიანდება.

ირმა ნადირაშვილი
ირმა ნადირაშვილი

 

ბილეთების ყიდვა თქვენ თავად მოგიწიათ ხომ? თუ იყო თქვენი მხრიდან ამ საკითხზე პროტესტი?

 

ყველა ქვეყნაში მესაზღვრეს აქვს უფლება არ დაგისაბუთოს ეჭვი, რატომ გაგაჩერა და ყველგან ასეა. ვიყიდეთ შემდეგი რეისის ბილეთები და წავედით ქალაქში, კაფეში. იმიტომ, რომ სადღაც 3 საათიდან 9 საათამდე დრო გვქონდა და 25 წუთი გვინდოდა ქალაქში წასასვლელად. მივედით კაფე AU 79 -ში. მქონდა მხოლოდ და მხოლოდ ვაიბერი და რადგან იქიდან იქ იჭერდა wi-fi, ფეისბუქში შევედი. ამ დროს შემოვიდა რუსთავი 2-დან პროდუსერის, გიორგი ლაფერაშვილის ზარი, ცოცხალი ხარ, რა ხდებაო? კი, კაფეში ვზივართ და  ყავას ვსვამთ-მეთქი. აქ საუბრობენ, რომ თქვენ დაგაკავესო. მერე ზურა ჯაფარიძის ინციდენტის შესახებ ვუთხარი, ასე მოხდა და შემიძლია კომენტარი გავაკეთო-მეთქი. რუსთვი 2-ს მივეცი კომენტარი, და ამ დროს მაესტროდან დამირეკა პროდიუსერმა, იმასაც მივეცით კომენტარი მე და ზურამ. ამ ადამიანებმა იციან ჩემი ვაიბერი, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ამასობაში ფეისბუქზე ჩვენზე სტატუსები იწერებოდა. ესეც კი არ მიგვიღია სერიოზულად, ვიცინოდით ამაზე. თბილისში დავიწყეთ ვაიბერით რეკვა, რომ აი, ელექტროშოკები და ფული მოგვაქვს, დაგხვდით და ა.შ. მართლა ვიცინოდით ამაზე. შეიძლება ეს არასერიოზულობა იყო ჩვენი მხრიდან, არ ვიცი.

 

ამ ელექტროშოკებზე საუბარი იქამდე იყო უკვე?

 

გიორგი ლაფერაშვილმა გვითხრა, რომ ინტერპრესნიუსს უდევს ინფორმაცია, რომ მიგვაქვს ფული და ელექტროშოკები. მერე შევედი ინტერპრესნიუსზე და ვნახე მეც. მერე წამოვედით აეროპორტში, ფეხი როგორც შემოვადგით, მივხვდით, რომ რაღაც ხდებოდა. პირველივე პუნქტზე დაიწყო ჩვენი შემოწმება. მეორე პუნქტზე უკვე გვითხრეს მებაჟეებმა თუ მესაზღვრეებმა, რომ რა ხდება, თქვენი საელჩოს წარმომადგენლები არიან და გვეუბნებიან, ესენი არ გაუშვათ, შეამოწმეთო. ამაზე ძალიან ვინერვიულე. ყველაფერი ამოგვიტრიალეს, გაგვჩხრიკეს. ძალიან დიდი დისკომფორტი შეგვექმნა.

 

მერე ელჩის კომენტარი ვნახე ფეისბუქზე, რომ საიდანღაც გაიგო თურმე, რომ ჩვენ დაკავებული ვართ. გამოვართვი ჩვენებს ნომერი და დავიწყე ელჩთან რეკვა. აზერბაიჯანულ ნომერზე ვაიბერით ვერ დავრეკავდი. არ მპასუხობდა ის. მერე მიხეილ მაჭავარიანი დაუკავშირდა, რატომ არ პასუხობ ირმა ნადირაშვილს, რომელიც გირეკავს, რომელსაც უნდა რომ გაარკვიოს, რაზეც უთხრა, რომ ტელეფონი დამჯდარი მაქვსო. მიშამ სთხოვა ჩართეო.

 

როგორ დაუკავშირდა მიხეილ მაჭავარიანი, თუ მას გამორთული ჰქონდა ტელეფონი?

 

ვერ გეტყვით, როგორც დაუკავშირდა. მერე მიხეილ მაჭავარიანმა ქალაქის ნომერიც მომწერა, შეიძლება ქალაქის ნომერზე დაუკავშირდა. მერე ქალაქის ნომერზეც ვრეკავდი და არავინ მიპასუხა.

 

თქვენ პირადად აეროპორტში შეხვდით საელჩოს წარმომადგენლებს?

 

არა, არ შევხვედრივარ. რაც მითხრეს, იმას გიყვებით, მეუბნებოდნენ, რომ საერთოდ რა უნდა თქვენს საელჩოს?

 

ამის მერე კიდევ დრო გვქონდა, რომ გავიარეთ ეს ყველაფერი. ვისხედით მე და ზურა აეროპორტში, ჩაის ვსვამდით და ჩვენს წინ დაჯდა სამი ადამიანი, რომლებიც ფეხმოუცვლელად ისხდნენ ჩემს წინ. ავდექი და მივედი და ვუთხარი გამარჯობა-მეთქი, თან ბოლო წუთები იყო. ჩვენ არ გავდიოდით, ვისხედით. გვაინტერესებდა, ესენი რამდენ ხანს დაჯდებოდნენ.

 

გამარჯობა, ქართველები ხართ-მეთქი და კიო. უკვე დაიბნენ. აქ რატომ ზიხართ, ჩვენ სათვალთავლოდ გამოგაგზავნეს-მეთქი, და არა, ქალაბატონო ირმა, რა გაქვთ თქვენ სათვალთვალოო. არ ვიცი, ასე ყველა არ მცნობს მე. მერე ვუთხარი, რატომ არ მიდიხართ. მე მელოდებით-მეთქი და სურათებს რატომ მიღებთ-მეთქი. რაღაც ლეგენდა მოიგონეს, რომ კი არ მიფრინავენ, თურმე ჩამოფრინდნენ და რაღაც.

 

როგორც გუშინ თქვით, მეორე რეისმა თქვენ გამო დაიგვიანა?

 

როგორც ჩანს, ჩვენ გამო დაიგვიანა. რომ ავედი მგზავრებმა მითხრეს, რომ გამოაცხადეს, რომ საბაჟოსთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს და იმიტომ ვაგვიანებთო.

 

თქვენ როგორღა გქონდათ მაშინ ის თავისუფალი დრო, რომ თქვით, ვისხედითო.

 

იქამდე გამოაცხადეს, რომ რეისი გადადებული იყო. მე არ ვიცოდი მიზეზი, მერე მგზავრებმა მითხრეს. მგზავრებში შეგვხვდა ერთ-ერთი გოგონა ნაცნობი, რომელმაც გვითხრა, რომ ჩვენ გვითხრეს, საბაჟო პრობლემების გამო გადავდეთ რეისიო.

 

როცა ჩამოვედით თბილისში, ბოლო აკორდი ის იყო, რომ როცა გამოვდიოდი, ორი გოგონა დაგვხვდა. ისედაც ხომ ვგრძნობ, რომ აეროპორტი გადაჭედილია შენ გამო, და გვითხრა, რომ შერჩევითი საბაჟო კონტროლი გვქონდა გასავლელი. არ არის ცირკში მონაწილეობა საჭირო და კარგად ვიცი, რა საბაჟო კონტროლიც არის და წავიდეთ-მეთქი.

 

პირველი ათი კაცი, ვინც კი თვითმფრინავში გამარჯობა გვითხრა, ყველა საბაჟო კონტროლზე მიიყვანეს. რომ გაატარეს ჩანთა ვკითხე, იპოვეთ ელექტროშოკი-მეთქი და იუარეს, არ ვეძებთ ელექტროშოკსო.

 

ერთ მილიონ დოლართან დაკავშირებით როდის გაუჩნდა მებაჟეებს კითხვა, თუ მათ არ უთქვამთ?

 

იცით, რამდენია ერთი მილიონი დოლარი? რვაკილოიანი ჩანთა ყოფილა, გავარკვიე. არაფერი არ უთქვამთ ჩვენთვის მებაჟეებს. ფული არ უხსენებიათ და არანაირი იარაღი. მე წავიკითხე ინტერპრესნიუსი, რომ მქონდა ფული და იარაღი. მებაჟეებმა ახსენეს მხოლოდ და მხოლოდ, რომ საელჩო იყო მოსული. მე კულუარული ინფორმაციაც ვიცი, რომლის მოყოლაც აღარ მინდა, როგორ დაურეკეს თბილისიდან ელჩს და როგორ უთხრეს, რომ ახლავე მიდი იქ და… ეს ძალიან მძიმე დღე იყო ჩემთვის და ძალიან ვინერვიულე. დედაჩემს ვერ დავუკავშირდი და რომ ჩამოვედი, სასწრაფოები ჰყავდა, რადგან არ დაიჯერა. აქედანაც კი სჯეროდათ. ჩვენი პარტიის წევრები გვირეკავდნენ და გვეკითხებოდნენ, მართლა არაფერი გჭირთო?

 

არ ვაპირებ ასე დავტოვო ეს საქმე. აუცილებლად ელჩს ვუჩივლებ სასამართლოში. გინახავთ ელჩი, რომელიც ამბობს, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია? მე ვიცი, რომ როდესაც დიპლომატებს აკავებენ, პირველად ელჩს ურეკავენ, რომ სასწრაფოდ მოდი.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *