მინისტრის ინფორმაციით, მთავრობამ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაასრულა:
“დღეს განვიხილეთ 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელიც დღესვე გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. ბიუჯეტი გათვლილია მშპ–ს 5%-იან ზრდაზე და 3,5%–იან ინფლაციის დეფლატორზე. ვვარაუდობთ, რომ მშპ იქნება 29 342 000 000 ლარი. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა არის 7 230 000 000 ლარი. ბიუჯეტის დეფიციტი 3,9 პროცენტით განისაზღვრა. 2014 წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 9 014 000 000 ლარი იქნება. გაზრდილია ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, რადგან პენსია გაიზარდა. ამავე დროს მარტიდან დევნილთა შემწეობა გაიზრდება და 45 ლარი იქნება.”
2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ხარჯვით ნაწილსა და შემოსავლების გეგმას შორის არსებული სხვაობის დასაფარად მთავრობა შიდა და საგარეო ვალს აიღებს. 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა 400 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდების გამოშვებას გეგმავს. დანარჩენ თანხას კი დეფიციტის შესავსებად უცხოური საფინანსო ინსტიტუტებისაგან ისესხებს.
ნოდარ ხადურის თქმით, 80 მლნ ლარით გაიზრდება განათლების სფეროს დაფინანსება. გაზრდილია მეცნიერების სფეროს დაფინანსებაც: “თუ 2012 წელს ამ სფეროსთვის 18 000 000 ლარი იყო გამოყოფილი, ახლა დაფინანსება 43 000 000 ლარი იქნება.”
