“პრემიერმა ივანიშვილმა საკუთარი მემკვიდრის დასახელებით ხაზი გაუსვა, რომ “მე მივდივარ, მაგრამ ვტოვებ სანდო ადამიანსო”. გავიხსენოთ, რაზე კეთდებოდა აქცენტი მისი წარდგენის დროს: რამდენად იცნობს და რამდენად ენდობა ის მომავალ პრემიერს. ანუ საკუთარი გადმოსახედიდან მიზანშეწონილობის კუთხით დატოვა მომავალი პრემიერი.

 

იგივეს აკეთებს მომავალი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც უკვე ახლავე უსვამს ხაზს საკუთარი პერსონის როლს პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ პროკურორის კანდიდატურის წარდგენა მისი პრეროგატივა არ არის, ამ დასახელებებით მან უკვე აღნიშნა და ხაზი გაუსვა თავისი პერსონის მნიშვნელობას პოლიტიკურ სივრცეში,” – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია CIDA-ს ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს წლებია აკვირდება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელების უფლება საპარლამენტო უმრავლესობის პრეროგატივაა. საქართველოს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც მოსალოდნელი გადადგომის თაობაზე ცნობა გაასაჯაროვა, არაერთხელ აღნიშნა, რომ მას შერჩეული ჰყავდა მისი შემცვლელი, თუმცა მის ვინაობას მას შემდეგ გაამხელდა, რაც ამ საკითხს თავის გუნდთან, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობასთან შეათანხმებდა. ივანიშვილმა საბოლოოდ აღნიშნა, რომ მის მიერ შეთავაზებული კანდიდატურა – ირაკლი ღარიბაშვილი ერთხმად იქნა მხარდაჭერილი გუნდის მიერ. საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ ეს პროცედურა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

 

“პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, სამწუხაროდ, არავითარი კრიტიკული მოსაზრება არ დაუფიქსირებია იმასთან დაკავშირეიბთ, რომ, მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გააკეთა განცხადება, რომ ის ენდობოდა ივანიშვილის მიერ შაბათს დანიშნულ შეხვედრას, სადაც მოისმენდა იმას, თუ ვინ იქნებოდა დასახელებული მომავალ პრემიერ-მინისტრად”, – ამბობს ჩიორა თაქთაქიშვილი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი.

 

“ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისათვის” (NIMD) წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, პოლიტოლოგ ლევან ცუცქირიძეს მიაჩნია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა შეიძლება დაასახელონ ადამიანები, რომლებიც მათ სურთ, რომ იხილონ ამა თუ იმ პოზიციაზე, მაგრამ დემოკრატიის პროცედურები მაშინ იქნება დაცული, თუკი ამას მოჰყვება ნამდვილი დისკუსია პარლამენტში:

 

“თუკი დაისმება მნიშვნელოვანი შეკითხვები პარლამენტში და იქნება ნამდვილი დისკუსია კაბინეტის დამტკიცებისას, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან პოზიტიური რამ. თუმცა, თუკი მოხდება ისე, რომ არავის არანაირი შეკითხვა არ ექნება, მაშინ ეს დემოკრატიისთვის სასარგებლო არ იქნება.”

 

ზვიად დევდარიანი ფიქრობს, რომ ძალიან დიდი მნიშვენლობა აქვს იმას, თუ როგორ იქცევიან მაღალი თანამდებობის პირები, რადგან მათი ქმედებები გადამდებია. ამის საილუსტრაციო მაგალითად მიაჩნია მას ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, როდესაც მომავალ მთავარ პროკურორად ოთარ ფარცხალაძე გამოაცხადა, შს მინისტრად კი – ალექსანდრე ჭიკაიძე.

 

“განსაკუთრებით პრობლემატურია ის, რომ ჯერ კიდევ არდანიშნული პრემიერ-მინისტრი წარადგენს შს მინისტრს ისე, რომ კონსულტაციასაც კი არ გადის საპარლამენტო უმრავლესობასთან. რა თქმა უნდა, პრემიერის შესარჩევი არის მისი გუნდი, კონსტიტუცია ამას ითვალისწინებს, მაგრამ ძალიან მცირე დეტალი გამორჩა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. ეს მცირე დეტალი გახლავთ ის, რომ მინიმუმ პრეზიდენტთანაც უნდა იყოს ეს საკითხი გავლილი, რადგან პრეზიდენტი წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას, ფორმალურად თუნდაც, პარლამენტს და მეორე, თუკი არ იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა, მთავრობის შემადგენლობა ვერ მოიპოვებს პარლამენტში მანდატს.

 

ხოლო რაც შეეხება ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითს, ეს გახლავთ ის, რომ მომავალი პრემიერი ასახელებს მთავარი პროკურორის კანდიდატურას. გარდა იმისა, რომ ეს არის პროცედურული დემოკრატიის დარღვევა და კანონის დარღვევა „მთავრობის უფლებამოსილების, სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ“, ასევე, კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება ეს. იმიტომ, რომ იუსტიციის მინისტრი წარადგენს პროკურორის კანდიდატურას დასამტკიცებლად”, – აცხადებს დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ ახალ მთავრობას პარლამენტი კონსტიტუციის დაცვით დაამტკიცებს. სხვა განმარტებებს ამ საკითხზე ის არ აკეთებს.

 

“იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საპარლამენტო განხილვები ამ თემაზე ღირებული, სიანტერესო და იმ ხედვების კრიტიკულ განსჯაზე დაფუძნებული იქნება, რომელიც ამა თუ იმ მინისტრობის კანდიდატს გააჩნია,” – აცხადებს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე.

“წამყვანი ევროპული გამოცდილება ყოველთვის არის დაფუძნებული კანონის უზენაესობაზე და არც ერთ შემთხვევაში შტოებს შორის აღრევა არ მოხდება. ის, რომ ჩვენთან პოლიტიკოსები აძლევენ თავს იმის უფლებას, რომ, სიტყვაზე, სხვის დასასახელებელ კანდიდატს შენ ასახელებ, ან სხვის დასამტკიცებელს შენ უკვე აცხადებ, რომ ეს იქნება, ან მემკვიდრეს ტოვებ, ეს ზუსტად იმაზე მიუთითებს, რამდენად მომწიფებული ვართ ჩვენ სუფთა დემოკრატიის თვალსაზრისით. ეს მაგალითებიც მეტყველებს იმაზე, რომ სტაბილური და დასავლური პოლიტიკური გარემოს ფორმირებამდე ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასადგემლი”, – ასეთია ზვიად დევდარიანის შეფასება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *