როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე იაშვილის კლინიკის თურქმა ინვესტორებმა სამინისტროს წარმომადგენლებს თავიანთი კომპანია გააცნეს და მის საქმიანობაზე დეტალურად ისაუბრეს.
“შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებს კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. დღესვე სამინისტროში გაიმართა შეხვედრა „ავანტე ჰოსპიტალ გრუპის“ სამედიცინო პერსონალსა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, კახა ძიმისტარიშვილს შორის. კახა ძიმისტარიშვილის თქმით, – ამჟამად მინისტრის ბრძანებით შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი სწავლობს არსებულ ვითარებას მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, რომლის შედეგებიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი,”- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო 2011 წლის მაისში გაიყიდა, რომელსაც ბოლო დრომდე ფლობდა შპს “AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP”-ი (ყოფილი შპს “ნიუ ლაიფი”), სადაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილებამდე წილებს ფლობდნენ ზაზა კაპანაძე (75%) და გია ნაცვლიშვილი (25%). კაპანაძესა და ნაცვლიშვილს რამდენიმე დღის წინ ბრალი წაუყენეს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის. გამოძიება მათ 4 მილიონზე მეტი თანხის უკანონო მითვისებას ედავება.
ბრალდების მიხედვით, გია ნაცვლიშვილმა და ზაზა კაპანაძემ დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი თანხების ლეგალიზაციის მიზნით შპს “არტესისგან” დივიდენდის სახით გაიტანეს და კანონიერი სახის მისაცემად შეიტანეს მათ მიერვე დაფუძნებულ შპს “AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP”-ში:
“აღნიშნული თანხები ხსენებული საწარმოს მიერ გამოყენებული იქნა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან თბილისის N2 სამშობიარო სახლის, ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრის და ბათუმის სამშობიარო სახლის, პედიატრიის ინსტიტუტის ალერგიისა და რევმატოლოგიის ცენტრის, გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის და მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს შესაძენად, რითაც მოახდინეს უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზება,”- აცხადებენ სამართალდაცავები.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, 12 აგვისტოს შპს “AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP”-ის 50-50%-ანი წილები იყიდეს თურქეთის მოქალაქეებმა – აბდულა კურსად დარჩინიმ და აზმი ოფლუღლუმ, რომელთა წარმომადგენელია, ასევე, თურქეთის მოქალაქე ტეკინ ატიკი. ხელშეკრულების მიხედვით, შპს “AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP”-ის (რომელიც ფლობს: ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრის 100%-ს, პედიატრიის ინსტიტუტის, ალერგიისა და რევმატოლოგიის ცენტრის 80%-ს, ბავშვთა ახალი კლინიკის 75%-ს, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს 66.7%-ს) 100% წილის ნასყიდობის ფასი შეადგენს 16 700 000 აშშ დოლარს.
აზმი ოფლუღლუ, იმავდროულად, არის “უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის” დამფუძნებელი, რომელიც თურქეთში ერთ–ერთი უმსხვილესი სამედიცინო კომპანიაა და თურქეთის 7 სხვადასხვა ქალაქში 11 ჰოსპიტალს ფლობს.
