“მოგეხსენებათ, სოციალური დახმარების მინიჭებისას სისტემაში არის რამდენიმე ათეული ფაქტორი და ერთ–ერთი მათგანი არის ფინანსური შემოსავლები, რომელიც გავლენას ახდენს ქულებზე. რა თქმა უნდა, ალოგიკური იქნებოდა, რომ გაზრდილ პენსიას ქულები შეეცვალა და, შესაბამისად, დაეკარგათ გარკვეულ ადამიანებს სოციალური დახმარება, ასეთი ადამიანი კი 20 000 აღმოჩნდებოდა. ჩვენ მთავრობისგან ავიღეთ ნებართვა და გაზრდილი პენსია გავლენას არ იქონიებს სოციალურ შემწეობებზე”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სხდომის დამთავრების შემდეგ.
ამავე საკითხს გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც:
“მას შემდეგ, რაც პენსიები გაიზარდა, გაიზარდა ოჯახის მიერ მიღებული ფულადი შემოსავალი, ამიტომ დღეს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მთავრობამ იმსჯელა და პენსიის გადაანგარიშება გავლენას არ მოახდენს სოციალურად დაუცველის კრიტერიუმებზე, ანუ ისინი მიიღებენ როგორც პენსიას, ასევე სოციალურ დახმარებას, თუ რაიმე სხვა შემოსავალიც არ აქვთ”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
