საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩატარებული ყველაზე ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგები, რომელმაც ომით დაზარალებული მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობა შეისწავლა, 12 სექტემბერს გასაჯაროვდა. კვლევა საერთაშორისო ფონდმა “კურაციო” ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან და ორგანიზაციასთან “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” თანამშროლობით ჩაატარა. 

 

“კვლევაში შედარებულია 2008 და 1990 წლებში დევნილების ფსიქიკური მდგომარეობა, და ვნახეთ, რომ მათში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები იდენტურია. მეორე, მნიშნველოვანია ის, რომ სახელმწიფო დაზღვევის გამო მოსახლეობას აქვს ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უნდა ითქვას, რომ ეს არ არის მხოლოდ დევნილების პრობლემა, ზოგადად ხელმისწვოდომობაზეა საუბარი. ზოგადად ეს არის ლინზა, რომ შევხედოთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ქვეყანაში, რათა ფსიქიკური ჯანრმთელობის პრობლემები უფრო ეფექტურად მოვაგვაროთ – ის დეპრესია, ალკოჰოლიზმი და სხვა საკითხები, რომელიც თან სდევს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს,”- ამბობს გიორგი გოცაძე, საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” ხელმძღვანელი. 

 

კვლევის მიხედვით, სპეციალური კითხვარების საშუალებით, შეფასდა ისეთი ფსიქიკური აშლილობების არსებობა, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, ტრავმის შემდგომი სტრესული აშლილობა და ა.შ. 

 

თავშესაფრის არქონა, მძიმე დაზიანება, საომარ მოქმედებაში აღმოჩენა, მკვლელობის ხილვა,, ძალადობა ახლობლის მიმართ – ის ძირითადი ტრავმული გამოცდილებაა, რაც გამოკითხულმა 3600-მა რესპონდენტმა დაასახელა. 

 

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ყველა ფსიქიკური აშლილობა უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. გარდა ამისა, ფსიქიკური აშლილობები იმატებს ხანდაზმულ ასაკში. 

 

კვლევამ ასევე დაადგინა, რომ არსებობს ძლიერი კავშირი ფსიქიკურ აშლილობებსა და შესაძლებლობების შეზღუდვას შორის. მაგალითად, ვისაც პოსტტრავმული აშლილობების ნიშნები აქვს, შესაძლებლობების შეზღუდვა აღენიშნება 14%-ს. დეპრესიის მქონე პირებში ეს ციფრი 20%- ია. 

 

კიდევ ერთი შედეგი, რომელი კვლევამ აჩვენა – აღმოჩნდა, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მქონე პირთაგან ყოველ მესამეს მიაჩნია, რომ საერთოდ არ აქვს პრობლემა.

 

“ეს იმის მანიშნებელია, რომ ადამიანები ეგუებიან დისკომფორტულ და მძმე სიმპტომებს (მაგალითად, მძიმე განმეორებით მოგონებებს, აგზნებადობას, ძილის დარღვევებს და ა.შ) და ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევენ. ეს კი კვალიფიციურ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს,”- წერია კვლევის შედეგების მოკლე ანოტაციაში. 

 

აღნიშნულ კვლევაში 18 წელზე მეტი ასაკის 3600-მა ომის შედეგად დაზარალებულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 

 

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *