ქუთაისის მერიის არქიტექტორის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანდრო მარჯანიშვილი ამბობს, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული კოლხური შადრევნის დემონტაჟს ის დღეს არ მოითხოვს. მისივე მტკიცებით, ჟურნალისტებმა მისი განცხადება მათთვის სასარგებლოდ გააშუქეს. მარჯანიშვილი აცხადებს, რომ შადრევანი არც ახლა მოსწონს და არც ადრე მოსწონდა:

 

“ეს შადრევანი სანამ გაიხსნებოდა, როდესაც პროექტი ვნახე, იმ დღიდან დაწყებული, ვარ ძალიან აღშფოთებული და უკმაყოფილი, იმიტომ, რომ ეს არის ქალაქისთვის მახინჯი ნორმა, მოვლენა. ახლა, როდესაც დღეს მე მოხელე მქვია, დღეს ჩემს სიტყვას უკვე სხვანაირად, ყველა ჟურნალისტი ცდილობს, რომ მისთვის სასარგებლო კონტექსტში გააშუქოს. მე გეუბნებით, რომ როგორც მაშინ არ მომწონდა, ისევე არ მომწონს დღესაც, მაგრამ ის, რომ ჟურნალისტმა შექმნა აზრი, თითქოსდა მე დღეს ვითხოვ ამის დანგრევას, მე დღეს არაფრის დანგრევას ვითხოვ, მაგისთვის დღეს არავის სცალია. ამას თვითონ დრო გააკეთებს თავის დროზე. მომწიფდება ეს საკითხი და მანდ რომ დგას, მერე აღარ იდგება. ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეს თითქოსდა მოვითხოვ მაგის დანგრევას. არ მოვითხოვ მე მაგის დანგრევას, მაგას დრო გააკეთებს.”

 

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ მას კონკურსის გავლის შემდეგ თანამდებობაზე დაამტკიცებენ, დააყენებს თუ არა საკრებულოს სხდომაზე შადრევნის დემონტაჟის საკითხს, მარჯანიშვილი პასუხობს:

 

“აღების საკითხს კი არ დავაყენებ, მე დავაყენებ საკითხს – ამ ადგილზე რა უფრო სწორი, რა უფრო სასარგებლო იქნება ქალაქისთვის და რა მოუხდება. თუკი ეს იქნება მიღებული, თავისთავად ეს საკითხი ჩააჩოჩებს იმას, რაც ახლა არის.”

ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურა ზამბახიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ შადრევნის დემონტაჟი არ იგეგმება:

 

“მე ჟურნალისტებისგან მოვისმინე პირველად ეს ინფორმაცია. ჩვენს სამსახურში ეს საკითხი საერთოდ არც კი განიხილება და ჩემთვის სართოდ სიახლე იყო ეს ვერსია. აქედან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რაღაც პროცესში ჩართოს ჩვენი სამსახური, მაშინ შეიძლება ჩვენ რაღაც ვთქვათ და დავაფიქსიროთ. ახლა არაფრის თქმა არ შემიძლია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ თემას საერთოდ არ ვიცნობ და ეს განცხადებაც თქვენგან გავიგე.”

 

კითხვაზე, თუ როგორია მისი პოზიცია შადრევანის დემონტაჟთან დაკავშირებით და მოსწონს თუ არა ის, ზამბახიძე პასუხობს:

 

“მე გამოვალ, როგორც სამსახურის უფროსი, დაველაპარაკებ ხელმძღვანელობას და მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია დავაფიქსირო ჩემი პოზიცია.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *