ლამზირა მახარაძე – 25 დღის წინ გაუჩინარებული 17 წლის დარეჯან დიასამიძის დედაა. ის ამბობს, რომ მისი შვილის ძებნა “წყლის ნაყვას ჰგავს”:
“ვერანაირ ვერსიას პოლიცია ვერ მაწვდის, რაც არ იცის, რას მომაწვდის, კვალს ვერ მიაგნეს. ახალი ის არის, რომ ბავშვის ოთახში ვნახეთ მობილურის სიმბარათის ყდა.
ამ ყდაზე მითითებული “კარტა” იპოვეს ბაკურიანში. ის კაცი, ვისაც ბარათი აღმოაჩნდა, ამბობს, რომ “კარტა” მარტში იყიდა. გამომძიებელი თენგიზ ჯინჭარაძე წასულია, უნდა დარწმუნდეს, რომ ნომერი ნამდვილად ნაყიდი აქვს იმ კაცს. საერთოდ, არავინ იცის, რომ ეს ნომერი ჩემს შვილს ჰქონდა. შეიძლება იყიდა და ვინმეს მისცა. საიდან აღმოჩნდა ჩემი შვილის ოთახში ეს ყდა, არ ვიცი”.
ლამზირა მახარაძის თქმით, თბილისიდან დღეს აბრუნებენ ოჯახის კომპიუტერს, რითაც დარეჯანიც სარგებლობდა: “კომპიუტერი 20 დღის წინ წაიღეს. იქნებ რამე მაქედან გამოჩნდეს”.
დარეჯან დიასამიძის გაუჩინარება ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გახმაურებული საქმეა. ამ გოგონას ოჯახში, მშობლების თანაგრძნობის მიზნით, ქვეყნის პრეზიდენტიც კი იმყოფებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს გამონაკლისი იყო – არც პრეზიდენტი და არც სხვა მაღალი თანამდებობის პირები არ უნახავს საზოგადოებას იმ ოჯახებთან მისული, ვისი ახლობლებიც სხვა დროს უჩინარდებოდნენ. გაუჩინარებით კი, 2010 წლიდან დღემდე 631 ადამიანი გაუჩინარებულა.
შს სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს ამ სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეონა კოზმანაშვილი, საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგული 631 ადამიანიდან ცოცხლად უპოვიათ 61, გარდაცვლილი კი – 69 ადამიანი. სახელმწიფო ჯერაც ეძებს 186 ადამიანს, ხოლო დანარჩენს, 315 უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანს სახელმწიფო აღარ ეძებს – ძებნის შეწყვეტის მიზეზებზე შს სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტში არაფერი წერია.
გაუჩინარებულებს შორის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი – თითქმის 10 პროცენტი მცირეწლოვანებზე მოდის. მაგალითად, 2010 წელს სულ 19 ბავშვი დაკარგულა, აქედან სამს ისევ ეძებენ, ხუთი უპოვიათ, ხოლო 11-ის ძებნა სხვადასხვა მიზეზით შეუწყვეტიათ. სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტში არც ბავშვების ძებნის შეწყვეტის მიზეზის შესახებ არის მოცემული რაიმე დამატებითი ინფორმაცია.
2010 წელს 17-24 წლის 40 ახალგაზრდა დაიკარგა. ამ დროისთვის 2010 წელს დაკარგული მხოლოდ სამი ახალგაზრდა უპოვიათ ცოცხლად, ნაპოვნია ასევე ოთხის ცხედარი, ექვსის ძებნა გრძელდება. 2010 წელს გაუჩინარებული 27 ახალგაზრდის ძებნა ამ დროისთვის სახელმწიფოს უკვე შეუწყვეტია. მიზეზები ამ შემთხვევაშიც უცნობია.
შს სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში ცალკე არ არის გამოყოფილი, 16-18 წლის რამდენი არასრულწლოვანი დაიკარგა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. სამინისტროს ეს ასაკობრივი კატეგორია ასე აქვს გაერთიანებული – “ასაკი – 17-24”. შს სამინისტროს ამ კატეგორიაში სულ 106 ადამიანი ჰყავს შეყვანილი.
შს სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, კიდევ უფრო მეტი ბავშვი გაუჩინარებულა 2011 წელს – სულ 27 მოზარდი. მათგან 7 ნაპოვნია, ორს კვლავაც ეძებენ, 18-ის ძებნა კი შეწყდა. უგზო-უკვლოდ დაკარგული ბავშვის გვამი არც 2011 წელშია ნაპოვნი. 16 მოზარდიც ბოლო ორი წლის განმავლობაში დაკარგულა უგზო-უკვლოდ.
სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სხვა ასაკობრივ კატეგორიაში გაუჩინარებულების გასწვრივ სვეტში – “დადგენილია გვამი” ყოველთვის წერია ციფრი, მცირეწლოვანების შემთხვევაში კი არც ერთი გვამი არ აქვთ ნაპოვნი.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დაკარგული 62 არასრულწლოვანიდან ცოცხლად სულ 12 ბავშვია ნაპოვნი. შს სამინისტროს ცნობით, ყველაზე ხშირად საქართველოში 25-44 წლის ადამიანები იკარგებიან. ბოლო ოთხ წელში ამ კატეგორიის 225 ადამიანია დაკარგული. მათგან 14 უკვე გარდაცვლილი იპოვეს, ამ ჯგუფის დაკარგულთაგან 14 გვამია ნაპოვნი, ხოლო – 26 ცოცხლად. დანარჩენს ან ეძებენ, ან ძებნა შეწყვიტეს.
