კომიტეტეტებმა ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არც ერთ კანონპროექტზე არ გაითვალისწინეს. როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ელისო ჩაფიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტზე დადებულ ვეტოს პარლამენტი აუცილაბლად დაძლევს:
„პრეზიდენტის შენიშვნები არ გავითვალისწინეთ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტზე. მოგეხსენებათ, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ აკადემიური ხარისხის გარეშე აქვს შესაბამის აკადემიურ პერსონალს უფლება, რომ დაიკავონ მაღალი თანამდებობები და ჰქონდეთ პროფესორის წოდება, რაც არასწორია და სწავლების ხარისხს ნამდვილად არ შეუწყობს ხელს, ამიტომ დღეს კომიტეტებმა არ გაითვალისწინეს ეს შენიშვნები, ხოლო ხვალ სხდომაზე დავძლევთ ამ ვეტოს.”
კომიტეტებმა პრეზიდენტის შენიშვნები არც „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონპროექტზე გაითვალისწინეს:
„პრაქტიკულად კულტურის სამინისტროს ნებართვის გარეშე ხდებოდა ძალიან ბევრი ობიექტისათვის კულტურული ძეგლის სტატუსის ჩამორთმევა, რამაც თბილისში განსაკუთრებით შექმნა პრობლემები. ჩვენ მიერ მიღებული კანონი გულისხმობს კულტურის სამინისტროს ჩართვას ამ საქმეში და ჩვენ ამ ვეტოსაც დავძლევთ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.“
პრეზიდენტის მესამე ვეტო სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსის შეცვლას ეხება. კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, 2014 წლის 31 დეკემბრამდე დასაშვები ხდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისთვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა, თუ იგი განპირობებულია სახელმწიფო და/ან საზოგადოებრივი საჭიროებით. თუმცა, ცვლილებების მიხედვით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს. კანონის მოქმედი რედაქციით, მიწის სტატუსის შესაცვლელად მხოლოდ საჯარო რეესტში მისვლა და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა არის საჭირო.
„საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა პრეზიდენტის ვეტო სასოფლო სამეურნეო მიწის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე. გაიმართა დებატები, რომელიც პლენარულ სხდომაზეც გაგრძელდება, მაგრამ ამ ეტაპზე უმრავლესობით ეს შენიშვნები არ გავითვალისწინეთ და, როგორც ჩანს, სხდომაზეც დავძლევთ, რადგან მას რეალური საფუძველი არ გააჩნია.“
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის შენიშვნები ლეგიტიმური და მნიშვნელოვანია:
„პრეზიდენტი ურჩევდა პარლამენტს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ კანონზე“ შენიშვნები გაეთვალისწინებინათ, რადგან იმ ჩანაწერით, რომელიც ახლა არის ამ კანონში, ახალგაზრდა ასისტენტ-პროფესორებს პრაქტიკულად ეკარგებათ ყველანაირი მოტივაცია, ჩართული იყვნენ მეცნიერებაში. მათ არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ რექტორის არჩევნებში, მაშინ, როცა ყველა სხვას აქვს და ა.შ.”
რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ამ ვეტოს არგათვალისწინება არაგონივრულობაა:
„ერთი ვეტო იყო, რომელიც ეხებოდა სასოფლო სამეურნეო მიწების სტატუსის შეცვლას, პრეზიდენტს ჰქონდა შენიშვნები, ერთი მხრივ, კერძო საკუთრების უფლების შელახვა და მეორე, ეკონომიკიდან ხდება გამოთიშვა იმ კერძო მესაკუთრის, რომელსაც აქვს მიწა და დააფინანსოს საკუთარი შვილის სწავლა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, უბრალოდ, მას ამის უფლება აღარ ექნება, ეს უნდა გადაწყვიტოს საქართვლოს მთავრობამ, რაც, ჩემი აზრით, საკმაოდ არაგონიერი გადაწყვეტილებაა.“
