შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში თურქეთის ელჩის თხოვნით გაიმართა. საუბარი იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის თანამშრომლებსა და თეკინ ატიკს შორის წარმოშობილ კონფლიქტს შეეხო.
შეხვედრას მინისტრი დავით სერგეენკო, მისი მოადგილე დიმიტრი მახათაძე, თეკინ ატიკი და მისი მოადგილე ნატალია მუჩაიძე ესწრებოდნენ.
მინისტრის თქმით, კლინიკაში შექმნილი ვითარება ქართულ-თურქულ ურთიერთობებსა და სახელმწიფო სტრუქტურასა და კერძო კომპანიას შორის დაპირსპირების საგანი ვერ გახდება:
„იაშვილის კლინიკაში მომხდარი კონფლიქტი არ უნდა იყოს განზოგადებულ თურქეთ–საქართველოს ურთიერთობების ჭრილში. ეს არ უნდა იყოს იმ კომპანაისთან ურთიერთობაში განხილული, რომელსაც ეს კომპანია წარმოადგენს. ჩვენ საქმე გვაქვს კონკრეტულ ადამიანთან, რომელმაც მოახერხა და ამ დღეების განმავლობზეაში დაიმსახურა სრული 100 პროცენტის მედპერსონალის იმდენად მაღალი პროტესტი, რომ საფრთხე შეუქმნა დაწესებულებებში სამედიცინო სერვისების მიწოდებას. პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ სამედიცინო დაწესბულებაში სერვისები შეუფერხებლად იმუშავებს“– განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ჯანდაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე იაშვილის კლინიკაში განსახორციელებელ გეგმებზე იასუბრა:”ჩვენი აქ მოსვლის მიზეზი არის ის,რომ გავცეთ სამედიცინო მომსახურება. ჩვენი სამედიცინო მომსახურების ხარისხი ცნობილია მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი სურვილია ასეთივე მასშტაბის მომსახურება გავწიოთ აქ და დავემორჩილოთ აქაურ კანონებს. ვაპირებთ მმართველლ ჯგუფსა და ბუღალტერიაში ჩვენი კადრები დავსვათ, არა მათ ნაცვლად, არამედ მოხდეს პროცესის გაკონტროლება”.
დავით სერგეენკომ შეხვედრაზე გადაცხადა, რომ თეკინ ატიკთან თანამშრომლობას არ აპირებს:
„ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, თქვენ რას ეთანხმებით და რას არ ეთანხმებით. ჩვენ დავინახეთ ის, რაც დავინახეთ, რომ მთელი საავადმყოფო იყო გამოსული ქუჩაში და სამედიცინო პროცესი იყო პარალიზებული. თქვენ რა ჩაიდინეთ და რა არ ჩაიდინეთ, მონიტორინგის ჯგუფი უკვე შესულია კლინიკაში და ამას გამოიკვლევს დეტალებში. თუმცა უკვე რა შედეგიც მივიღეთ, ეს არის ცალსახად მიუღებელი. ჩვენ ვერანაირ შორეულ თანამშრომლობაზე ვერ ვისაუბრებთ, ვინაიდან თქვენ, არ ვიცი, როგორ მოახერხეთ და გადაიმტერეთ მედპერსონალი და პარალიზება გაუკეთეთ მთლიან სამედიცინო დაწესებულებას.“
კომპანია “უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის“ წარმომადგენელმა, თეკინ ატიკმა კომენტარი შეხვედრის დასრულების შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი2“- თან გააკეთა:
„მქონდა სურვილი შევხვედროდი ჯანდაცვის მინისტრს და გამეცნო პროგრამები, რომლებიც ამ კლინიკებში უნდა განხორციელებულიყო. თუმცა მინისტრმა არ ისურვა ამის მოსმენა. ის, რომ ჩემთან თანამშრომლობის სურვილი არ აქვს, კომპანია, რომელსაც მე წარმოვადგენ, არასერიოზულად შეაფასებს. ვფიქრობ, რომ 20 -მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებაზე, რომელსაც ვაპირებდი, უარს ვიტყვით. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლება მეც მაქვს.“
იაშვილის კლინიკის ექიმებსა და ტეკინ ატიკს შორის კონფლიქტი 2 სექტემბერს გამწვავდა. ექიმების განცხადებით, კლინიკის მფლობელების წარმომადგენელი, თურქეთის მოქალაქე ტეკინ ატიკი მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. მათივე თქმით, ის კლინიკაში კედლებიდან ხატების ჩამოხსნასაც ითხოვს. ინვესტორს მედპერსონალი კლინიკაში არ უშვებს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, 12 აგვისტოს შპს “AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP”-ის 50-50%-ანი წილები იყიდეს თურქეთის მოქალაქეებმა – აბდულა კურსად დარჩინიმ და აზმი ოფლუღლუმ, რომელთა წარმომადგენელია, ასევე, თურქეთის მოქალაქე ტეკინ ატიკი. ხელშეკრულების მიხედვით, შპს “AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP”-ის (რომელიც ფლობს: ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრის 100%-ს, პედიატრიის ინსტიტუტის, ალერგიისა და რევმატოლოგიის ცენტრის 80%-ს, ბავშვთა ახალი კლინიკის 75%-ს, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს 66.7%-ს) 100% წილის ნასყიდობის ფასი შეადგენს 16 700 000 აშშ დოლარს.
აზმი ოფლუღლუ, იმავდროულად, არის “უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის” დამფუძნებელი, რომელიც თურქეთში ერთ–ერთი უმსხვილესი სამედიცინო კომპანიაა და თურქეთის 7 სხვადასხვა ქალაქში 11 ჰოსპიტალს ფლობს.
